სანამ რესურსი არსებობს, მეტი ხალხი გადმოიყვანო შენს ჭკუაზე, შიგნით უნდა იმუშაო – ჭიჭინაძის აზრით, ბესელია “ოცნებას” თებერვლის ბოლომდე დატოვებს

მმართველი გუნდიდან გაირიცხული დავით ჭიჭინაძე უახლოეს მოსამართლეების უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოზიციების დაახლოებას გამორიცხავს. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ბესელია თანამოაზრეებთან ერთად, მმართველ გუნდს გამოეყოფა.

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის განცხადებით, „ოცნების“ დაშლა გარდაუვალია, რადგან გუნდში საერთო ღირებულებები აღარ არსებობს.

„უბრალოდ იმდენად განსხვავებულია ღირებულებები, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. მე პარტიიდან გამრიცხეს, უმრავლესობიდან და ფრაქციიდან არა და არ მგონია, დამფუძნებლების ასე გარიცხვა ადვილი იყოს. შეიძლება თებერვალი დასჭირდეს მთლიანად, პროცედურა არის… საერთოდ ვთვლი, რომ სანამ რესურსი არსებობს შიგნით, რომ მეტი ხალხი გადმოიყვანო შენს ჭკუაზე ამ კანონთან დაკავშირებით, შიგნით უნდა იმუშავო, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. გაბუტვას და წამოსვლას ყოველთვის მოასწრებ,“ – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების მიმართ, საზოგადოებაში არსებულ დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც ბესელიას თანამოაზრეა. დეპუტატის თქმით, უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით ინიციატივა უმნიშვნელოვანესია.

„გუშინდელი ინიციატივა არის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელზეც საერთო სახალხო კონსენსუსი არის, როგორც პროფესიული საზოგადოება, იურისტების, ასევე ის ადამიანები, რომლებისთვისაც სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, პროცესია საპარლამენტო და ჩვენ ამ პროცესს მივყვებით,“ – ამბობს გოგიჩაიშვილი.

ეკა ბესელიამ თანაგუნდელებს მორიგი ულტიმატუმი წაუყენა. დეპუტატი მმართველ პარტიას მიმართავს და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადადებას ითხოვს.

ბესელიას თქმით, თუ პარლამენტი 2025 წლამდე არ შეაჩერებს მოსამართლეთა დანიშვნას, მაშინ ეს იქნება ახალი გამოწვევა და მიზეზი იმის, რომ გუნდი მან და მისმა თანამოაზრეებმა დატოვონ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ბრიუსელიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი : მათემატიკური აზროვნება პოლიტიკოსსაც სჭირდება, კარგად ვარჩევ, რომელი დეპუტატი აზროვნებს მათემატიკურად