სანამ მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, თბილისელების ძარცვას გააგრძელებენ – ენმ საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატებს ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატებს საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს და მათი პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიუჯეტის გაფლანგვაზე პასუხისმგებელი პირების სხვა დეპუტატებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და რიმა ბერაძე არიან.

საქმე ეხება სამი წლის წინ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის”” შექმნას, რომელიც წელიწად-ნახევარში გაუქმდა. ამ პერიოდში ბიუჯეტიდან ცენტრისთვის მილიონ ნახევარზე მეტი გამოიყო – საიდანაც თითქმის მილიონ 200 ათასი ადმინისტრაციული ხარჯი იყო. არსებობს აუდიტის დასკვნაც, სადაც აღნიშნულია, რომ ცენტრის სამოქმედო გეგმა არ იყო შედეგზე ორიენტირებული, რაც მისი გაუქმების მიზეზიც გახდა;

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ყველა ის დეპუტატი ვინც თანხის გაფლანგვას ხელი შეუწყო უნდა დაისაჯოს. ბრალდებებს საკრებულოში არ პასუხობენ.

„სანამ კონკრეტული ადამიანები, როგორიც არის რიმა ბერაძე, როგორიც არის გიორგი ტყემალაძე, როგორიც არიან ის დეპუტატები, რომლებიც ხელს უწევენ მილიონობით ლარის გაფლანგვას ბიუჯეტიდან არ დაისჯებიან, მანამდე ეს ადამიანები კანონის სახელით გააგრძელებენ ბიუჯეტის ძარცვას. ამისთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი გადავიდეს სამართლებრივ სივრცეში და კონკრეტული ადამიანების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს,“-ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაში“ცვლილებებზე საუბარს საფუძველი არა აქვს” – კობახიძე
შემდეგი სტატიაზეწოლა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე – ია კერზაიას ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს