24 ნოემბერს თურქეთის მოიერიშე ავიაციის მიერ საკუთარი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებას, რუსეთის ხელისუფლებისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა, რომელიც სამხედრო პასუხის გაცემის მიზანშეუწონლობის ფონზე, თურქეთის მიმართ პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქციების პარალელურად, რუსეთის სახელმწიფო მანქანის მხრიდან ქვეყანაში თურქოფობიის დამკვიდრებასაც შეუწყობს ხელს.
თურქულ-რუსული კრიზისის პირველივე დღეებში, რუსეთის ხელისუფლებამ და მისმა პრეზიდენტმა პუტინმა, კარგად აპრობირებული ,,სამზარეულო პოლიტიკა,, გაიხსენა, რასაც ეს ხელისუფლება, რუსული აგრესიული პოლიტიკით უკმაყოფილო ქვეყნებისა თუ ხელისუფლებების მიმართ ადრეც მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებდა… რუსული ,,სამზარეულო პოლიტიკა,, სხვადასხვა წლებში – საქართველოს მიმართ ღვინის, მინერალური სასმელებისა და სოფლისმეურნეობის პროდუქტების ემბარგოთი; უკრაინის მიმართ – შაქრისა და მარცვლეულის ემბარგოთი; მოლდოვის მიმართ – ასევე ღვინისა და ხილ-ბოსტნეულის ემბარგოთი… და ბოლო თვეების მანძილზე, რუსეთის მიმართ უკრაინის კონფლიქტის გამო სანქციის შემომღები ქვეყნებიდან შეტანილი საკვები პროდუქტების განადგურებით და მათ ნაცვლად რუსული საქონლის ჩანაცვლების ,,იმპორტოზამეშენიად,, წოდებული ზომებით გამიხატებოდა.
,,ზურგში დანის ჩამცემად,, გამოცხადებულ თუქრეთის საკვებ პროდუქტებს, რუსული ,,სამზერეულო პოლიტიკა,, განსაკუთრებით აგრესიულად რომ შეეხება, ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა…
25 ნოემბერს, რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩოვმა, რუსულ ტელეარხ ,,როსია-1,,-თან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარი საერთოდ ვერ იგრძნობს თურქული საკვები პროდუქტებიდან განთავისუფლებას, რომელიც ძირითადად ხილ-ბოსტნეულისაგან შედგება… ,,ჩვენ თურქულ პროდუქტებს უმტკივნეულოდ ჩავანაცვლებთ, ირანიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და მაროკოდან შემოტანილი პროდუქტებით,, განაცხადა მინისტრმა.
26 ნოემბერს, რუსული ტელეარხ ,,ლაიფ ნიუსის,, ეთერით, რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარმა (,,როსპოტრებნადზორის,, ყოფილმა ხელმძღვანელმა) გენადი ონიშენკომ, რომელიც რუსეთის პრემიერის თანაშემწის რანგში უკვე ქვეყნის ,,პოლიტიკური სანიტარის,, ფუნქციებსაც ითავსებს, განაცხადა, რომ ,,ყოველი ნაყიდი თურქული პომიდორი, თურქული რაკეტის შექმნაში შეტანილი წვლილია,, მან ასევე მოუწოდა რუსეთის მოსახლეობას, რომ არ შეიძინონ თურქული საქონელი და არ იარონ თურქეთში დასასვენებლად. ონიშენკოს გამოსვლას, მეორე დღესვე თურქული პომიდორით დატვირთული სატვირთოების გაჩერება მოჰყვა ლარსის საზღვართან.
27 ნოემბერს, რუსეთის დუმის დეპუტატმა ფრაქცია ,,ელ-დე-პე-ერ,,-იდან, სერგეი ფურგალმა ,,გაზეტა.რუ,,-სთან საუბარში განაცხადა, რომ რუსებმა საპასუხო ზომების ფარგლებში, თავი უნდა შეიკავონ თურქულ რესტორნებსა და კაფეებში სიარულისაგან და საერთოდ უარი უნდა თქვან ე.წ. თურქულ ,,შაურმაზე,, რომელიც დეპუტატის აზრით ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელია.
28 ნოემბერს, რუსული ,,სამზარეულო პოლიტიკის,, დაგვირგვინება გახლდათ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომელშიც თურქეთისათვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, სხვა აკრძალვებთან ერთად თურქული საკვები პროდუქტებიც მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთ-რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში, თურქეთის მიერ რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულ საქონელს შორის, საკვებ პროდუქტებს, ტექსტილ-ტყავეულის შემდეგ – მეორე ადგილი უჭირავს 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თურქეთის სავაჭრო პალატის მონაცემებით კი –2014 წელს თურქეთმა მთლიანობაში 5,7 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაყიდა თურქეთში, რითაც ბელორუსიასთან ერთად, რუსეთში იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე-მესამე ადგილზე დგას. ეკონომიკური ურთიერთობის გაყინვა, რა თქმა უნდა თურქეთთან ერთად რუსეთსაც დააზარალებს, რამეთუ თურქეთი, რუსეთის პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, 2014 წლის მონაცემებით, გერმანიასა და ბელორუსიას შემდეგ – მესამე ადგილზეა 17,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციით, რომელთა შორის, ბუნებრივი გაზი, ნავთობი, ქვანახშირი, ხორბალი, მინერალური სასუქები და სხვა მადნეულია.
რაც შეეხება თურქოფობიის დაწყებას რუსეთში, ამ მხრივ დასავლური, თურქული და თავად რუსული მედიით გავრცელებული ბოლო დღეების მონაცემები საგანგაშოა…
მიუხედავდა რუსეთ-თურქეთის ისტრორიულად მტრული ურთიერთობისა, რომელიც ამ ორ ქვეყანას სხვა მეზობლებთანაც ისტორიულად მოდგამს, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, საზოგადოებრივ-კულტურულ და პოლიტიკურ ურთიერთობებში დამყარებული კავშირებით, როგორც თავად თურქი ექსპერტები აცხადებენ, მეგობრული, საქმიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობა სუფევდა. თურქები თავისუფლად ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ რუსეთში და რუსებიც კარგად გრძნობდნენ თავს თურქეთში. საქმიან და სხვადასხვა დონეზე შეძლებისდაგვარად პარტნიორულ ურთიერთობებს ინარჩუნებდნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებებიც…. რაც თურქეთის მიერ საზღვრის დამრღვევი თვითმფრინავის ჩამოგდებისთანავე, როგორც რუსეთის ხელისუფლების ასევე რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან მაშინათვე შეიცვალა. ცნობილია, რომ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, კანონმორჩილებასთან ერთად – პატრიოტიზმსაც ხელისუფლების ოფიციალური კურსის მხარდაჭერაში ავლენს, რამაც მოსახლეობისა და სახელმწიფო მოხელეთა გარკვეულ ნაწილს იმისკენ უბიძგა, რომ რუსეთში მყოფ თითოეულ თურქ მოქალაქეს შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს და მისი უფლება უნდა შელახოს…
27 ნოემბერს თურქული ,,ჰურიეთ ტვ,,-ს მიერ გავრცელებულ რეპორტაჟში (იხილეთ ვიდეო) სტამბულის ,,ათათურქის,, აეროპორტში რუსეთიდან დაბრუნებული ათეულობით თურქი მოქალაქე, რუსული სხვადასხვა სამსახურებისა და უბრალო რუსი მოქალაქეების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაზე და სამართალდამცავების მხრიდან თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე საუბრობს. ერთ-ერთი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ის 15 კაციან ჯგუფთან ერთად, რუს სამართალდამცავებს დაკავებული ჰყავდათ და ისეთ საკანში გამოკეტეს, სადაც დასაწოლ ნარებზე არც თეთრეული იყო და არც ლეიბები… ,,ჩვენ რუსეთში სტუმრად დაგვპატიჟეს, თუმცა ბოლო ამბების შემდეგ სტუმრად კი არა – ტყვედ უფრო ვგრძნობდი თავს. უკან დაბრუნებისას 5 საათი უმიზეზოდ გაგვაჩერეს აეროპორტში და ამის შემდეგ სამართალდამცავებმა დაგვაკავეს. დაკავებიდან 10 საათის განმავლობაში წყალი არ მოჰქონდათ და გვაიძულებდნენ ტუალეტის ონკანიდან დაგველია წყალი… 14 საათის განმავლობაში საკვებს არ გვაძლევდნენ. საკონსულოს თანამშრომლებმა მოგვიტანეს საჭმელი და მხოლოდ და თურქი დიპლომატების ჩარევის შედეგად მოხდა ჩვენი განთავისუფლება… გვაგინებდნენ… შეურაცხყოფას გვაყენებდნენ… ჩვენს ქვეყანას აგინებდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე 20 დღე პატიმრობაში ვეყოლებოდით და არსად გაგვიშვებდნენ. წინა დღეებში კი სამოქალაქო პირები გვაჩერებდნენ ქუჩაში და ,,კეგებეს,, აგენტებივით გვკითხავდნენ. მე რამდენიმე ადამიანი ცალ-ცალკე მისვამდა კითხვებს, ვინ ვიყავი… რისთვის ჩავედი,, აცხადებს რუსეთიდან დაბრუნებული თურქი მოქალაქე.
სიუჟეტის ფარგლებში კიდევ ერთი თურქი მოქალაქე საუბრობს, რომ ამჟამად რუსეთში მყოფ თურრქეთის ყველა მოქალაქეს პრობლემა ექმნება… ,,ჩვენს მოქალაქეებს ყველგან აკავებენ… ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ყავთ საათობით გაჩერებული… უწყლოდ, უსაჭმლოდ,, აცხადებს მოსკოვიდან დაბრუნებული თურქი ტურისტი.
რუსეთიდან დაბრუნებული მოქალაქეების განცხადებით, ყველა თურქს აეროპორტში ბაგაჟს უხსნიან და მიწაზე ყრიან ისე ჩხრეკენ… ჩამოსულთა უმეტესობის ბაგაჟით ჩამოსულ ჩანთებში კი, ან საერთოდა არაფერი არ იდო, ან კომპიუტერები და ძვირფასი ნივთები იყო მოპარული.
28 ნოემბერს, თურქულმა სააგენტო ,,ჰაბერთურქმა,, თურქი მეცნიერის რუსეთში უკანონო დაპატიმრების შესახებ აუწყა მკითხველს… ,,თურქეთის თრაქიას უნივერსიტეტის მკვლევარი ჯემალეთინ იავუზი, სადოქტორო დისერტაციის დასაცავად რუსეთის ფედერაციაში ჩუვაშეთის უნივერსიტეტში იყო მივლენილი. რუსულმა პოლიციამ ის სავიზო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით დააკავა… რუსეთის სასამართლომ მას 5000 რუბლი ჯარიმა და 5 წლიანი დეპორტით ქვეყნიდან გაძევება მიუსაჯა, თუმცა სასამართლოს დასრულებისთანავე, ის რუსულმა პოლიციამ ისევ დააპატიმრა და კიდევ 2 კვირა მის განთავისუფლებას არ აპირებენ,, აცხადებს თურქული გამოცემა.
იმავე 28 ნოემბერს, რუსული ტელეკომპანია ,,ზვეზდა,, აცხადებს, რომ რუსეთში და მსოფლიოში ცნობილი ხელოვანი, დირიჟორი და მომღერალი, ცნობილი მომღერალთა გუნდის ,,ხორ ტურეცკოვო,,-ს დამფუძნებელი მიხეილ ტურეცკი, იმის გამო რომ მისი გვარი რუსულ ენაზე ,,თურქულს,, ნიშნავს, გვარის შეცვლაზე ფიქრობს. მისი აზრით, ასეთი გვარით პრესტიჟულ ხელოვანად ვერ დარჩება….
ზემოთ მოყვანილი ფაქტები და ცნობილი რუსი ხელოვანის განცხადება, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთში უკვე ძალიან მაღალ დონეზე დაწყებულია თურქოფობია.
თურქეთის ხელისუფლება, მისი პრემიერის, პროფესორი აჰმეთ დავუთოღლუს სახით აცხადებს, რომ მიუხედავად თურქეთის სურვილისა, რუსეთთან ურთიერთობა ისევ დაალაგოს, რუსეთის მხრიდან თურქეთის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, სანქციებისა თუ სხვა მოქმედებების სახით, თურქეთის მხრიდანაც ადეკვატური ნაბიჯები მოჰყვება… პირველ ნაბიჯებად კი – მთავრობისადმი რუსეთის მიმართ კონტრ-სანქციების მომზადების დავალება და თურქი მოქალაქეებისადმი რუსეთში გამგზავრებისაგან თავის შეკავების მოწოდება დაასახელა.
კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,
/ვიდეო – თურქული ,,ჰურიეთ ტვ,,-ს რეპორტაჟი/