„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული წერილი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მაფიოზური მმართველობა და კორუფციული ჭაობი ბიძინა ივანიშვილის შექმნილია.
სამუშიას თქმით, შექმნილი სისტემა არავის ინდობს, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ოჯახის მიმართ შესაძლო მუქარაზე საუბარი გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.
„ქვეყანაში არის უმძიმესი მაფიოზური მმართველობა, ღარიბაშვილის გამოქვეყნებული წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება ეს… ღარიბაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის უახლოესი პიროვნება, მაგრამ ვინც კი ამ კორუფციულ მორევშია ჩართული, სისტემა არავის ინდობს. ცალსახაა, რომ ღარიბაშვილი საუბრობს მისი ოჯახის მიმართ შესაძლო სავარაუდო მუქარაზე, რაც სამართლებრივად გამოძიების დაწყების საგანია“, — განაცხადა ლევან სამუშიამ.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიიღო წერილი, სადაც კორუფციის მორიგი საქმის აღიარებასა და თავის თავზე აღებას სთხოვენ. ექსპრემიერის თქმით, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას ეკისრება.














