კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გორში მომხდარი პოლიციური ძალადობის ფაქტი შეაფასა. იურისტისა და პოლიტიკოსის განცხადებით, შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან სწორედ მედიის მიერ გავრცელებულმა კადრებმა გადაარჩინა ნაცემი მოქალაქე უკანონო პატიმრობას.
სამუშიამ მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ სისტემა რეალობის შეცვლას გეგმავდა:
„ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც ვიხილეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს — მათმა გადაღებულმა კადრებმა უზრუნველყო ამ ადამიანის მომავალი, თორემ დღეს დაზარალებული საპატიმროში იქნებოდა და პირიქით, დამნაშავე პოლიციელები დაზარალებულის სტატუსით იქნებოდნენ აღჭურვილები. უმძიმესია ფაქტი, როდესაც ათზე მეტი სამართალდამცველი ერთ მოქალაქეს ასე უსწორდება. ჩნდება კითხვა — აქვთ თუ არა ამ ადამიანებს დაუსჯელობის განცდა, რომ მათ არავინ შეეხებათ?“ — განაცხადა სამუშიამ.
ოპოზიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი და თავგასულობა მძიმე სისტემურ პრობლემად იქცა, რის გამოც პროკურატურამ საზოგადოებას მკაფიო პასუხები უნდა გასცეს, ხოლო ყველა დამნაშავემ და ძალადობის დამკვეთმა კანონის წინაშე მკაცრად უნდა აგოს პასუხი.















