სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა – პრეზიდენტი ეკონომიკურ გუნდს აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების შექმნისკენ მოუწოდებს.

როგორც მან პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების დროს განაცხადა, კონკურენციის კანონის უფრო ქმედითად ფორმულირება, აღსრულება და კონკურენციის სააგენტოს უფრო გააქტიურებაა საჭირო.

„სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა – სწორედ ეს არის ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და რაც ყოველგვარი კვლევის გარეშე თვალსაჩინოა. დღეს იმედიანად აღვნიშნავთ, რომ წლის დასაწყისიდან – იანვარ-თებერვლიდან თვისობრივად გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტენდენცია მთავრობისა და პარლამენტის, ეროვნული ბანკისა და სხვა აქტორების აქტიური ჩართულობით მომავლშიც შენარჩუნდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა.

„სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იქმნება სამუშაო ადგილები. ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო. შესაბამისად, იმისთვის, რომ უცხოური ინვესტიციებიდან მეტი სარგებელი მივიღოთ, საჭიროა, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად ვაქციოთ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, მუშახელის დაცულობა და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფ, რაც მოსახლეობას აწუხებს, საკანონმდებლო დონეზე მოგვარებადია.

„არ ვგულისხმობ შრომის ბაზრის მკაცრ რეგულირებას, თუმცა შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაწესება, აუცილებელია. ბოლო ხანს შესამჩნევია ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციაც, რაც, მათ შორის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმატებული ერთობლივი მუშაობის შედეგია, თუმცა აქვე გვერდს ვერ ავუვლით მაღალ ინფლაციურ ფონს, რაც უმძიმესი ტვირთია მოსახლეობისთვის და კერძო სექტორიც ორმაგი წნეხის ქვეშაა, რადგან ერთი მხრივ ძვირდება წარმოება და მეორე მხრივ იკლებს პროდუქტის რეალიზაცია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციებს, თანამშრომლობას, ხელის შეწყობას უნდა აღიქვამდეს, არა როგორც პრეროგატივას, არამედ ვალდებულებას.

“პარალელურად, ხაზგასასმელია სახელმწიფოს როლი ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შენარჩუნების კუთხით, რაც მთლიანობაში ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა. თვალი გავუსწოროთ ბოლოდროინდელ ტენდენციას, როდესაც მსხვილი ბიზნესი კიდევ უფრო მსხვილდება, შედარებით მცირე ბიზნესის შესყიდვა-შერწყმის ხარჯზე. გასაგრძელებელი და გასაღრმავებელია ის პოზიტიური პროექტები, რომელიც საქართველოს მთავრობის აქტიური ძალისხმევით განხორციელდა – „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაპ საქართველო“, „დანერგე მომავალი“ და სხვა.

ვფიქრობ, ასევე თამამი ნაბიჯი იქნებოდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც გრძელვადიან და ალტერნატიულ ფულად რესურსს გააჩენდა კერძო სექტორის გასაძლიერებლად”, – აღნიშნა პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლის დროს და განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის დროული განხორციელება, ამ სტრატეგიას უფრო ეფექტურს გახდიდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის არჩევის წესი, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე არ უნდა იყოს მორგებული
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა