ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვინც მხარს არ დაუჭერს, კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილე იქნება. მდინარაძე ამბობს, რომ ამ განცხადების გარდა, ოპონენტებთან იმპიცმენტის საკითხზე არანაირ კომუნიკაციას არ აპირებენ.
ამასთან, მამუკა მდინარაძის განმარტებით, როგორც ჩანს, პრეზიდენტს აქვს შიში, რომ გადააყენებენ და რისკების დასაზღვევად ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.
„სამწუხაროდ, გვიწევს თქმა, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი არის უკვე ოპოზიციაში და უხეში ფორმებით ოპონირებს. მაგალითად, პირდაპირ, უდავოდ კონსტიტუციის დარღვევით. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ბატონ ალეკო ელისაშვილს გაუხმოვანებია ეს ინფორმაცია, მას აქვს შიში, რომ გადააყენებენ. რისკების დასაზღვევად, რომ პარლამენტში საკმარისი ხმები არ მოგროვდეს, სათითაოდ ხვდება ჩვენს ოპონენტებს, რათა, დაარწმუნოს, შეეხვეწოს, სთხოვოს, რომ არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტის საკითხს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ვარაუდია. კარგად დავაკვირდებით, ვინ იქნება კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილე – ის, ვინც არ დაუჭერს, ამის იქით რაღაც ფარულ კომუნიკაციას არ ვაპირებ. ვიცი, ამას მუქარასაც დაარქმევთ, არანაირი მუქარა, არანაირი გაფრთხილება, უბრალოდ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. მე პირადად, მივმართავ საჯაროდ, ის, ვინც მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, იქნება კონსტიტუციის დარღვევის თანამზრახველი, თანამონაწილე. ახლა თვითონ გადაწყვიტონ. ამის იქით ჩვენს ოპონენტებთან არ ვაპირებთ არანაირ კომუნიკაციას, ხვეწნას ნამდვილად ვერ დავუწყებთ. ყველა იქნება თანამონაწილე, ვინც კი არ დაუჭერს მხარს. ეს მარტივი ამბავია. დანარჩენი, გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებენ. არც ჩავერევით, უბრალოდ დარწმუნების დონეზეც კი, პრეზიდენტს შეუძლია, დამშვიდდეს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.