სამწუხაროდ, სევეროდონეცკიდან ჩვენი ჯარისკაცების გაყვანა მოგვიწევს – გაიდაი

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქ სევეროდონეცკიდან ჯარისკაცების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, მებრძოლები ქალაქის შემოგარენში გადაინაცვლებენ და პოზიციებს იქ გაამაგრებენ.

“საზოგადოებამ ეს უარყოფითად არ უნდა აღიქვას. ფარ-ხმალს არ ვყრით. უბრალოდ იმ პოზიციების გამაგრება, რომელსაც მტერი 4 თვეა ინტენსიურად ბომბავდა, აზრს მოკლებულია, რადგან პროპორციულად თუ შევხედავთ ამან შეიძლება დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს. სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ბიჭები გამოიყვანოს, ქალაქის შემოგარენში სხვა პოზიციები გაამაგრონ და მტერს იქედან ებრძოლონ. ქალაქი განადგურებულია, რადგან ოკუპანტები 4 თვის განმავლობაში 24-საათიან ინტერვალში სხვადასხვა კალიბრის იარაღებიდან, საზენიტო და საარტილერიო სისტემიდან, ავიაციითა და ტანკებით, “სმერჩის”, “ურაგანისა” და “სონცეპიოკის” სარაკეტო სისტემებიდან ბომბავდნენ. შენობების აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა დაზუსტებით შემიძლია გითხრათ რომ რუსები ქალაქს ვერ აღადგენენ. სახლების 80 პროცენტი სრულიად განადგურებულია”, – თქვა გაიდაიმ.

banner
წინა სტატიაში34 700 ჯარისკაცი, 1 511 ტანკი, 3 645 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა ბელარუსის ტერიტორიიდან ჟიტომირის მიმართულებით 24 რაკეტა ისროლეს – ჟიტომირის მერი