“სამწუხაროა,რომ ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან მაღალი იერარქების შეურაცხყოფას”- მეუფე გრიგოლი

სასულიერო პირებს შორის არსებულ დაპირისპირებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გამოეხმაურა. მეუფე გრიგოლის თქმით პრობლემებზე საუბრისას, პიროვნებებამდე დაწვრილმანება არ უნდა მოხდეს.

მიტროპოლიტის განცხადებით არის ფაქტები, როდესაც ხდება დაბალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან მაღალი იერარქების სასულიერო პირების შეურაცხყოფა და ლანძღვა, მეუფე გრიგოლის თქმით, შეურაცხმყოფელი გამოსვლები, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად შეინიშნება, ანგრევს მართლმადიდებელი ეკლესიის ღერძს და აუკუღმართებს მის ჭეშმარიტ არსს:

„როდესაც ვსაუბრობთ პრობლემებზე, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიდეთ პერსონებზე და პიროვნებებზე, ჩვენ ზოგადად პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ. იმაზე, რაც ჩვენ სულიერ ცხოვრებას გააჯანსაღებს და არავითარ შემთვევაში არ უნდა დავპატარავდეთ ისე რომ ადამიანებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა დავიწყოთ.

ძალიან ხშირად შეინიშნება უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამოსვლები და კიდევ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, განსაკუთრებით საწყენია და სამწუხარო ფაქტია, რომ ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან მაღალი იერარქების სასულიერო პირების შეურაცხყოფასა და ლანძღვას, ამან თითქოს ერთგვარი შეუქცევადი ტენდენციის სახე მიიღო. ცალსახად და გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ამგვარი ქმედება და ცნობიერება ანგრევს მართლმადიდებელი ეკლესიის ღერძს, რომელიც მას ამაგრებს და ამტკიცებს, აუკუღმართებს მის ჭეშმარიტ არსს.“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა იერარქიით მასზე მაღლა მდგომი ჭყონდიდის მიტროპოლიტი რამდენიმე დღის წინ ქადაგებისას გააკრიტიკა, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაში დასდო ბრალი და ქამი უწოდა.

მისი უკმაყოფილება მეუფე პეტრეს განცხადებებმა გამოიწვია – ჭყონდიდის მიტროპოლიტმა 28 დეკემბრის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ “საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ”, ვინაიდან, მისი თქმით პატრიარქმა ციანიდის საქმესა და დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბარი არ ისურვა.

როგორც გავრცელებულ წერილში მეუფე პეტრე ამბობს, მეუფე სპირიდონი, უსამართლობასთან და ფარისევლობასთან დაპირისპირებას, კათოლიკოს პატრიარქთან დაპირისპირებად წარმოაჩენს, რითაც თავად ახდენს კათოლიკოს პატრიარქის დისკრედიტაციას.

banner
წინა სტატიაში,,მეუფეს მე ვფიქრობ ამომწურავად დავუფიქსირე ჩემი გულისტკივილი ჩემს წერილობით მიმართვაში”- ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სპირიდონისთვის გაგზავნნილ წერილზე
შემდეგი სტატიამსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი ძაღლი გარდაიცვალა – მას გული გაუსკდა