სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანისთვის ბრალდებულ შპს „ელენიკოს“ დამფუძნებელ ნუგზარ მარკოიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. პროცესზე ნუგზარ მარკოიძემ ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადება აღიარა.

დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ციცინო მოსიძემ არ დააკმაყოფილა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 23 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი გუშინ დააკავეს. შპს „ელენიკომ” გასული წლის ოქტომბერში სამტრედიის მუნიციპალიტეტის 24 საბავშვო ბაღში საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი შეიტანა. გამოძიების ცნობით, ბრალდებული დანაშაულებრივი განზრახვით აყალბებდა ხორცის ვეტერინარულ მოწმობებს და გაყალბებული დოკუმენტაციით ახდენდა ბაღებში საქონლის შეტანას.

უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე (მომხმარებლის მოტყუება, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა), 210-ე (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) და 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში,,დანაშაულის დაბრალებისთვის რომ გიჩივლოთ ,ჯერ სასამართლოებიდან ვერ გამოხვალთ და მერე ბანკის ვალიდან ვერ ამოხვალთ”-თინა ხიდაშელი
შემდეგი სტატიასისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის – კასპში სასწავლო პროცესისას მოსწავლე დაჭრეს