სამთო-გეოლოგია – პერსპექტივა და რეალობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში კომპანიების „არემჯი“ და „IDS ბორჯომი საქართველო“ სპონსორობითა და მხარდაჭერით ჩატარდა ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც გეოლოგიის დარგში მოღვაწე 26 მომხსენებლის გამოსვლა და 5 თემატურ სასტენდო მოხსენება იყო გაერთიანებული. კონფერენციაზე გეოლოგიის დარგში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების განხილვა მოხდა. კონფერენცია მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი გეოლოგების: ალექსანდრე ჯანელიძის, კალისტრატე გაბუნიას, გიორგი ზარიძის და იოსებ ბუაჩიძის საიუბილეო თარიღებს.
„2017 წელს „არემჯის“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად ითანამშრომლოს უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტებთან, სტუდენტების პრაქტიკების გატარების და დასაქმების კუთხით.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი საინტერესო და საგანმანათლებლო ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები გავხდით. „არემჯის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, დიდ ყურადღებას ვუთმობთ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ტექნიკური უნივერსიტეტი არის ამ ურთიერთობის ძალიან კარგი მაგალითი. მათი სტუდენტები ყოველწლიურად გადიან ჩვენს საწარმოში პრაქტიკებს, ამავე დროს არიან ჩვენი სტიპენდიანტები. ჩვენი საწარმოს წარმატებული მომავალი დიდწილად არის დაკავშირებული წარმატებულ ახალგაზრდებთან.“ – განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.
გვესაუბრება სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანზორ აბშილავა:
– ეს არის რიგით მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია. პირველი კონფერენცია ჩატარდა 2015 წელს, მას შემდეგ ის ტრადიციულად ტარდება ყოველ წელს და მისი სლოგანია – გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა. ეს არის ყოველწლიური გარკვეული ანალიზი იმ მეცნიერებისა, რომელთაც ერთი წლის განმავლობაში შექმნეს ღირებული ნაშრომები გეოლოგიის მიმართულებით. აქ მარტო გეოლოგია არ არის, არის სამთო დარგიც წარმოდგენილი. როგორც გითხარით, 4 წლის მანძილზე ტარდება კონფერენცია, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე გვიჭირდა ორგანიზაციული კუთხით, ამ პერიოდში გამოჩნდნენ სპონსორები – კომპანიები „არემჯი“ და „IDS ბორჯომი საქართველო“, რომელთაც კონფერენცია დააფინანსეს. იმედი გვაქვს, გაიზრდება ინტერესი და ეს ურთიერთთანამშრომლობა ტრადიციულად გაგრძელდება. საუბარია არა მხოლოდ ამ ორ კომპანიაზე, მათ ამ ეტაპზე გამოთქვეს სურვილი ჩვენთვის სპონსორობა გაეწიათ. საერთოდ, სამთო-გეოლოგიური დარგის პროფილის ორგანიზაციები, ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც დიდ წილად არიან დამოკიდებულნი იმ სპეციალისტებზე, რომელთაც ჩვენი უნივერსიტეტი, ჩვენი ფაკულტეტი უშვებს. თითოეული ამ საწარმოს წარმატება, იმაზეა დამოკიდებული, რა დონის სპეციალისტებს გამოუშვებს უნივერსიტეტი და რა დონის სპეციალისტები იმუშავებენ ამ ორგანიზაციებში. საერთოდ, სამთო-გეოლოგია ისეთი დარგია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თქვენ რომ გადახედოთ ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქციის ოდენობას, 40-50%-მდე სამთო მოპოვებითი დარგიდან მიღებული შემოსავლებია. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. კომპანიების დაინტერესება ის არის, რომ მიიღონ ჩვენგან მაღალი დონის სპეციალისტები. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციები, უდავოდ უწყობს ხელს კარგი სპეციალისტების გამოვლენას, ამიტომ გასაკვირი არაა ამ დარგის ორგანიზაციების ინტერესი. ჩვენ ამ ორგანიზაციებთან გვაქვს მჭიდრო კავშირი. იმისათვის, რომ უნივერსიტეტმა კარგი სპეციალისტი გამოუშვას, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა მოთხოვნაა ბაზარზე და უნდა ვიცოდეთ ის მოთხოვნები, რითთაც უნდა აღვჭურვოთ ახალგაზრდა სპეციალისტი – რა კუთხით წავიყვანოთ საგანმანათლებლო პროგრამები.
– მუდმივ კავშირზეა საუბარი?
– რა თქმა უნდა. ახლა ჩვენთან მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაცია, თითოეულ დამსაქმებელთან გვაქვს კონტაქტი, ძალიან ხშირად ვხვდებით მათ წარმომადგენლებს, ვიღებთ შენიშვნებს, რა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სწავლების პროცესი. თუ ეს არ გაკეთდა, სპეციალისტი ერთ დონეზე დარჩება და დღეს, როცა ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, ტექნიკა, ჩვენ ვერ შევძლებთ დროს დავეწიოთ, ეს კი იმას ნიშნავს რომ ჩვენი სპეციალისტები არავის დასჭირდება.
– პრინციპში ბიზნესი და წარმოება გარკვეულწილად არის დამკვეთი…
– თითქმის მთლიანად ვართ დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოთხოვნადია სპეციალობები, რომლითაც ჩვენ ვამზადებთ სტუდენტებს. ჩვენ ჯერ ბაზრის კვლევას ვაწარმოებთ და ამის შემდეგ ვწყვეტთ იმას, თუ რა სახის სპეციალისტია დღეს საჭირო. ეს შეკვეთები მოდის უშუალოდ დამსაქმებლიდან. აქ იგულისხმება, როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო, ასევე სადოქტორო და პროფესიულ სპეციალობებზე, რომლზედაც განსაკუთრებით ბოლო წლებში დიდი მოთხოვნაა. იმიტომ, რომ ეს ის კატეგორიაა, რომელიც უშუალოდ საწარმოში მუშაობს, ფიზიკური შრომის შედეგად ქმნის პროდუქციას და ასეთ სპეციალისტებზე მოთხოვნა ყოველთვის უფრო მეტია.
– მინდა გითხრათ, რომ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ამ პროფესიას რატომღაც ალმაცერად უყურებდნენ. ბოლო პერიოდში კი რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა – ძალიან მოთხოვნადი გახდა.
– რა თქმა უნდა, ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ სამთო და გეოლოგიურ სპეციალისტებს უხდებათ მუშაობა საკმაოდ მაღალრისკიან გარემოში და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად იქნება ის თეორიული ცოდნით აღჭურვილი, დიდი მნიშვნელობა აქვს მისი შემდგომი პრაქტიკული საქმიანობის წარმატებაში. ძირითადად, მოდერნიზაციის საკითხები უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით არის მიმართული.
– ტრაგედიას ტყიბულის შახტაში თუ გავიხსენებთ…
– დიახ, სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა და ამიტომ ვაძლიერებთ უსაფრთხოების კუთხით პროგრამებს.
– ამ კონფერენციაზე განსახილველად გამოდის ისეთი თემა, რომელიც ახალ სიტყვას იტყვის თქვენს დარგში?
– კონფერენციაზე ძალიან ფართო სპექტრია წარმოდგენილი, ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ხდება. კონფერენციის პროგრამას თვალს თუ გადაავლებთ, მხოლოდ თემების სათაურებითაც კი მიხვდებით, რაოდენ აქტუალურ საკითხებზე ვმსჯელობთ. ამიტომ, როცა გითხარით, რომ წინა წლის შედეგების შეჯამებაც ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს კონფერენციაზე წარმოდგენილია ახალი, ბოლო კვლევები, რაც მეცნიერებმა ამ ერთი წლის განმავლობაში ჩაატარეს. აქ უნდა განვიხილოთ ორი ფაქტორი: ერთი, ეს არის ცნობილი მეცნიერების ნამუშევრები და მეორე, ახალგაზრდა მეცნიერთა ნაშრომები, რომლებიც მეცნიერებაში ახლა დგამენ გარკვეულ ნაბიჯებს. მეცნიერის, სპეციალისტის ჩამოყალიბებას ძალიან უწყობს ხელს მსგავსი კონფერენციები. სასიხარულოა ის, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტი გვყავს. მოხსენებები კონფერენციაზე სუფთა მეცნიერული კუთხით არის წარმოდგენილი, ვისურვებდი შემდგომში მსჯელობა გაგვემართა აგრეთვე იმ პრობლემებზე, თუ რა წინააღმდეგობებს ვაწყდებით ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების კუთხით. ამ ნაწილში მსჯელობაც თუ დაემატება კონფერენციას, ის უკვე მეტად სრულყოფილი იქნება, ვიდრე დღეს არის. მინდა გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, არ ვართ ასეთი ტიპის კონფერენციებით განებივრებულნი.
– წულუკიძის სამთო ინსტიტუტშიც ტარდება მსგავს ფორმატში კონფერენციები.
– დიახ, ეს ინსტიტუტი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ბევრ ისეთ სამუშაოს ატარებს, რომლითაც დაინტერესებულია თავდაცვის სამინისტრო, კერძოდ, აფეთქებითი სამუშაოები. ჩვენი კონტაქტები არის მჭიდრო. დღეს სამთო ინსტიტუტი, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია, ასევე დამოკიდებულია იმ სპეციალისტებზე, რომლებიც ჩვენგან მიდის. სწავლების ყველა საფეხურის სპეციალისტი შეიძლება იქ დასაქმდეს, იქნება ეს ბაკალავრი, მაგისტრი თუ დოქტორანტი. ცოტა ხნის წინ დავამყარეთ კონტაქტი და მემორანდუმი გავაფორმეთ წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან წიაღის ეროვნული სააგენტო არის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში კურირებს წიაღის მოპოვებისა და გადამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას.
– დარგის მარეგულირებელია.
– დიახ. რატომ გავუსვი ხაზი ამ ურთიერთთანამშრომლობას. ხანდახან ხდება ისე, რომ მემორანდუმი მძიმედ მუშაობს, ჩვენს შემთხვევაში მუშაობა ძალიან აქტიურად დაიწყო. სულ რაღაც ერთი თვის წინ გაფორმდა მემორანდუმი და უკვე შერჩეულია 4 სტუდენტი (სამი მაგისტრანტი, ერთი ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსიდან), რომლებმაც უკვე დაიწყეს სტაჟირება სააგენტოში. აქედან გამომდინარე, არსებობს იმის გარანტია, რომ ისინი დასაქმებულნი იქნებიან.
– პრაქტიკა დასაქმების წინ.
_ დიახ, სწორად აღნიშნეთ. პრაქტიკას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. რაც არ უნდა დიდი თეორიული ცოდნა მისცე სტუდენტს, პრაქტიკის გარეშე მიღებული ცოდნა არ იქნება საფუძვლიანი, ამიტომ „არემჯი“ ჯგუფი, „საქნახშირი“, „ჯორჯიან მანგანეზი“ თუ სხვა ჩვენთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობენ. თუ არ დაგვეხმარნენ პრაქტიკისათვის ობიექტების ჩვენთვის დათმობაში, ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. გვაქვს ძალიან კარგი ლაბორატორიული ბაზა, სადაც შეიძლება სამეცნიერო კვლევების ჩატარებაც და პრაქტიკაც, მაგრამ საწარმოო პირობები არის აბსოლუტურად განსხვავებული პროცესი.
– ლაბორატორიები მაინც ვაკუუმური პრაქტიკა, ასე ვთქვათ.
– რათქმა უნდა. მოხარული ვარ, რომ ობიექტები გამუდმებით გვითმობენ სამუშაო ადგილს, „არემჯი“ ჯგუფმა გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს სტუდენტების სტაჟირება, ასევე მზად არის „ჯორჯიან მანგანეზი“, ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიები და სხვ. ესენი არიან მსხვილი მოთამნაშეები ბინესში, სადაც შეგვიძლია სტუდენტები დავასაქმოთ.
– ეს კომპანიებიც მონაწილეობენ კვლევაში?
– დიახ, კონფერენციას ესწრებიან ეს ორგანიზაციები. კვლევა სად უნდა ჩატარდეს? კვლევა უნდა ჩატარდეს, ღამით, ობიექტზე, უშუალოდ საწარმოში, ან ლაბორატორიულ პირობებში. არ მახსენდება, ჩვენ რომელიმე სამთო და გეოლოგიურ საწარმოში გაგვეგზავნოს დოქტორანტი ან მაგისტრანტი და იქ რაიმე პრობლემა შეგვქმნოდეს. მინდა გითხრათ, რომ რაც ამ კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს კონფერენციაზე, არაა ცარიელი სიტყვები – ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვერ ვიარსებებთ, ამიტომ კონტაქტები ყოველწლიურად ღრმავდება. კონფერენციები კი როგორც დარგის განვითარებას, ასევე თანამშრომოლობასაც ხელს უწყობს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა, რომელიც ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, ძალიან დიდი შრომა გასწიეს. მინდა თქვენი მეშვეობითაც მათ დიდი მადლობა გადავუხადო. კონფერენციის შემდეგ გამოქვეყნდება ნაშრომთა კრებული და მიეწოდება შესაბამის სამეცნიერო ქართულ და უცხოურ წრეებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ქვეყანაში არის ნდობის კრიზისი
შემდეგი სტატიაგიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა