სამთავრობო ქალაქის გეგმის მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა

არსენალის მთაზე, სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

უწყების განცხადებით, გენერალური გეგმა უნდა მოიცავდეს ტერიტორიის ფუნქციურ გადანაწილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და რაციონალურ განვითარებას, ქალაქის არსებულ ქსელთან სრულფასოვან ინტეგრაციას, ასევე ლანდშაფტური დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის საკითხებს.

“ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

მასშტაბური პროექტი თბილისში, ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს.

სამთავრობო ქალაქის პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე, ერთიანი სივრცის შექმნა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება.

გენერალური გეგმა უნდა მოიცავდეს ტერიტორიის ფუნქციურ გადანაწილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და რაციონალურ განვითარებას, ქალაქის არსებულ ქსელთან სრულფასოვან ინტეგრაციას, ასევე ლანდშაფტური დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის საკითხებს.

პროექტის ფარგლებში უნდა განისაზღვროს უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების განთავსების ზონები, სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური და დარგობრივი უწყებების საოფისე და ღია და დახურული ღონისძიებების სივრცეები. გათვალისწინებული უნდა იყოს მიწისქვეშა და მიწისზედა სატრანსპორტო, საპარკინგე, სარეკრეაციო და გამწვანების ზონები, ტექნიკური აღჭურვილობისა და საინჟინრო კომუნიკაციების დამხმარე ინფრასტრუქტურა.

სამთავრობო ქალაქის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს პარლამენტის შენობა, მთავრობის ადმინისტრაცია, საგარეო, ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის და კულტურის სამინისტროები. ასევე, თბილისის მერია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

წინასაპროექტო კვლევები მოიცავს ტერიტორიის სრულფასოვან შესწავლას, არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ტოპოგეოდეზიურ და გეოლოგიურ კვლევებს, ასევე საინჟინრო კომუნიკაციების ანალიზს.

სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის გამოცხადებული ბაზრის კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფიციალურ გვერდებზე,” – წერია განცხადებაში.

მანამდე, 2025 წლის 10 დეკემბერს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მთავრობის დავალებით ბაზრის მოკვლევა გამოცხადდა, რომელიც არამხოლოდ პარლამენტის, არამედ მთავრობის ადმინისტრაციის კომპლექსის, თბილისის მერიის და ცხრა სამინისტროს არსენალის მთაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობებში გადატანის მიზნით პროექტირების სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ვენესუელაზე თავდასხმების მეორე ტალღა გააუქმა
შემდეგი სტატია“გარეთ მყოფი ადამიანები მათ გვერდით გვაცხოვრებენ, რისთვისაც მადლიერი უნდა ვიყოთ” – მზია ამაღლობელი მოშიმშილე პატიმრებს მიმართავს