
,,გვინდა შეშფოთება გამოვხატოთ სამშვილდის ნაქალაქარის მდგომარეობის გამო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეს უნიკალური ძეგლი, არამარტო ყველაზე დიდი ნაქალაქარია საქართველოში(53ჰა) არამედ ერთადერთი ძეგლია ამიერკავკასიაში, რომელიც ხელუხლებელი ავთენტურობით არის შემორჩენილი.
იმის გამო რომ 2018 წლის შემდეგ ნაქალაქარში გაწმენდითი სამუშაოები აღარ ჩატარებულა, გაზრდილი მცენარეული საფარის გამო, ზოგიერთ უბანში ათასწლოვანი ქუჩები და ნამოსახლარები აღარ იკითხება.
ზაფხულში ტერიტორია ქვეწარმავლების ბუდედ არის ქცეული, რის გამოც ძეგლის მონახულება, უკვე გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.
განსაკუთრებით, მძიმე მდგომარეობაშია სამშვილდის ციტადელის ცალკეული ნაწილები და სიონის ნაშთები, სამწუხაროდ უძველეს თავდაცვის კედლებს საფრთხეს არამარტო ასაკი და ბუნებრივი პროცესები, არამედ დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებაც უქმნის. ციტადელზე ( ბოლო დროს უკვე სიონის შემორჩენილ კედლებზეც) ასვლა და ფოტოს გადაღება დღეს ერთგვარ რიტუალად იქცა.
ძეგლის გადარჩენის იმედი, პირველად 2018 წელს გაჩნდა, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამშვილდის ნაქალაქარში ციტადელის კარიბჭის რესტავრაცია და ძეგლის ფართომასშტაბიანი გაწმენდითი სამუშაოები წამოიწყო.
პარალელურად, ადგილზე რამდენიმე არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა, რა დროსაც ნაქალაქარის ისტორიის აქამდე უცნობი და ამავდროულად მნიშვნელოვანი დეტალები გამოვლინდა.

ამას ისიც ცხადყოფს, რომ მიუხედავად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობისა, ძეგლი დამთვალიერებელთა ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამშვილდის ნაქალაქარი ადგილობრივ თუ საერთაშორისო სატრანსპოტო კვანძთან- თბილისთან სულ რაღაც 80 კილომეტრში მდებარეობს.
მივმართავთ საქართველოს კულტურისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დაიწყოს მსჯელობა სამშვილდის ნაქალაქარის რეაბილიტაციის და ტურისტულად განვითარების პერპექტივებზე.
სამშვილდის პროექტი არამარტო დაგვეხმარება ძეგლის გადარჩენაში, არამედ ხელს შეუწყობს კიდეც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას.” – ნათქვამია ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” განცხადებაში.
















