„სამშობლოს გამო სიცოცხლეც არ დამიზოგავს!“

14435403_1148645405183487_7690670614135216499_oრად უნდა წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობა და როგორ აღმოჩნდა პაატა ბურჭულაძესთან გიორგი ხარჩილავა

 

გიორგი ხარჩილავა საარჩევნო ბლოკის – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატია. „თაიმერის“ დღევანდელ რესპოდენტს წალენჯიხაში და, საერთოდ, სამეგრელოში კარგად იცნობენ: სხვა თუ არაფერი, ეროვნული მოძრაობის წევრი იყო, მერე კი, სხვადასხვა დროს, ქალაქ წალენჯიხის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტები ეკავა. 2010 წელს, „ნაციონალებს“ გაემიჯნა… ისე, როგორც მითხრეს, მთელმა სამეგრელომ იცის, რომ ხარჩილავას კონფლიქტი  ზაზა გოროზიასთან ჰქონდა.  თანამოსაუბრეს, ცხადია, ამის შესახებაც ვკითხე, თუმცა თემა მაინცდამაინც არ განავრცო… საერთოდ, გიორგი ხარჩილავას 40-მდე შეკითხვა დავუსვი. მართალია, პასუხები ლაკონურია, მაგრამ ხომ გაგიგიათ, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო. ჰოდა, ამ მოკლე პასუხებიდანაც გიორგი ხარჩილავაზე, ვფქირობ, მნიშვნელოვანი წარმოდგენა შეგექმნებათ…

 

ბატონო გიორგი, როგორ თავს როგორ გრძნობთ? ბურჭულაძისგან გაქცევას თქვენც ხომ არ აპირებთ?

„აქ ვდგავარ და სხვაგარად არ ძალმიძს“…

– საინტერესოა… როგორც ვიცი, კარატეში შავი ქამრის მფლობელი ხართ. ჰოდა,  ცუდი რაღაცები რომ გკითხოთ, იმედია, არ გამლახავთ…

– (იცინის) იმედია…

ისე, დროა, პოიტიკოსებმა ღიპი პარლამენტის სხდომებზე  ამ ტელეშოუების მოწყობით კი არა,  სპორტით დაიგდონ და სერიოზულად კროსით, ან კარატეთი დაკავდნენ.
 – „ფეისბუქზე“ ვიხუმრე, ბურჭულაძის პარტიას გამოლოცვა არ აწყენდა-მეთქი. ხუმრობა იქით იყოს და, მართლაც ვეღარ გამიგია, ვინ შედის და ვინ გადის თქვენგან…

– (ისევ იღიმის)„ზოგი მიდის, ზოგი მოდის,

მზე ჩადის და მზე ამოდის,

ზოგიერთის გასახარად,

ჩვენი დაშლა არ გამოდის.“

 

– პოეზიაც გყვარებიათ, კეთილი და პატიოსანი… ისე, „გირჩი“ რომ ივანიშვილისგან  ფინანსდებოდა, თქვენ და თქვენი პარტიის ლიდერმა ახლა გაიგეთ?

– „გირჩს“ აქამდე ქვითრები არ წარმოუდგენია, თუმცა მთავარი სულ სხვა რამეა.

– მაინც, რა?

– რა და – ოლიგარქისგან მართული ფინანსური კრიზისი იქმნებოდა და გადამწყვეტ მომენტში პაატას უნდა დაეთმო.

– „დათმობა“ რას ნიშნავს?

– გაყიდულიყო, რაც არ მოხდა – ოლიგარქის გეგმა ჩაიშალა და პარტიაც განიწმინდა!

– ისე, პირადად თქვენ, ბურჭულაძესთან როგორ მოხვდით?

– როგორ და პოლიტიკაში სუფთა გზით დაბრუნების სურვილით.

– ერთობ ფილოსოფიური პასუხია. ამიტომ, თემას განვავრცობ: მე კი ვიცი, 2012 წლამდე რას აკეთებდით, მაგრამ მოდით, წარსულზე თქვენვე მომიყევით და არც იმის თქმა დაგავიწყდეთ, რომ ზაზა გოროზიასთან კონფლიქტი  გქონდათ…

არაფერი პირადული! სისტემური და საქმიანი -კი ბატონო, იყო და სხვანაირად არც შემეძლო!

ჯობდა, შეკითხვაზე კონკრეტულად გეპასუხათ… ბატონო გია, ალბათ, გაგებული გექნებათ, რომ ბურჭულაძეს „ნაცების“ სატელიტად მიიჩნევენ. ამ ხმის გაქარწყლება როგორ შეგიძლიათ?

ეს იმ პაატაზეა საუბარი, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ საქველმოქმედო კონცერტის გამო, საქართველოს მოღალატედ გამოაცხადა?

– სხვათა შორის, აქამდე საქართველოს ერთი წამებული პაატა ჰყავდა, ახლა კი, ორი ჰყავს, თუმცა ეს ისე, როგორც იტყვიან, ხუმრობით. სერიოზულად კი, მითხარით, როდის მიხვდით, რომ „ნაციონალები“ ცუდები არიან?

პროცესში.

–  „პროცესში“ რას გულისხმობთ?  ამიტომ, ჩაგეკითხებით: 7 ნოემბერი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და სხვა უბედურებები, რაც იმ ყბადაღებულ 9 წელში ხდებოდა, ოდესმე გაგიპროტესტებიათ თუ ახალაიების გეშინოდათ და ხმას ვერ იღებდით?

– „შეშინებული“ კაცი 2010 წელს, პროტესტითა და პრინციპულად წამოვიდოდა?

– რა ვიცი, ყველაფერი ხდება… წალენჯიხის ადგილობრივ ხელისუფლებაში ორჯერ იყავით – ერთხელ ქალაქის მერის, მეორედ კი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი გეკავათ. მოსახლეობისთვის რა გააკეთეთ?

იმის კულტურა მაქვს, რომ აღნიშნულ პერიოდში ანგარიში მოსახლეობისთვის ჩამებარებინა. პოლიტიკაში სწორედ ინფრასტრუქტურის სფეროში გაკეთებული საქმეების, განათლების, კულტურისა და სპორტის დარგში განხორციელებული პროექტებისა და ადამიანური ურთიერთობის ჩემეული ხარისხის საფუძველზე ვბრუნდები.

ამასთან, წალენჯიხელებმა იციან, რომ თავდაუზოგავი რეფორმატორული აზროვნების პირადულზე მაღლა დაყენებისა და საერთო საქმის  კეთების უნარი მაქვს და სამშობლოს გამო სიცოცხლეც  არ დამიზოგავს!

– არ მინდა, ჩავთვალო, რომ თავს იქებთ…  მაინც, ვერ გავიგე, მაჟორიტარობა რისთვის გინდათ?

რისთვის  და, – უფრო დიდი ასპარეზიდან მეტი რომ გავაკეთო და იმის პეცენდენტიც შევქმნა, რომ ხალხი და მაჟორიტარი განუყოფელია!

– წეღანაც აღვნიშნე, პოეზია გყვარებიათ-მეთქი. „ტერენტობა“ ამიტომ დააარსეთ თუ უბრალოდ, გრანელს, როგორც თანარაიონელს პატივი ეცით?

პოეზიაც მიყვარს, თუმცა მთელი შეგნებული ცხოვრება ჩემი რაიონის ისტორიის, მწერლობის, კულტურის, არქეოლოგიისა თუ რელიგიის ისტორიის კვლევას, ასევე, ჩემი რაიონის წარმოჩენას ვესწრაფვი.

– 9 აპრილის აქციების მონაწილე ხართ და ვიცი, რასაც მიპასუხებთ, მაგრამ მაინც შეგეკითხებით: რუსეთი თუ ნატო?

– (დაუფიქრებლად) ნატო! რუსეთის აგრესიის შეჩერება დასავლეთისკენ სწრაფვითა და პარალელურად, სახელმწიფოს მშენებლობით შეიძლება!

– აგაშენათ ღმერთმა… ბატონო გიორგი, ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძურია. წლებია, ამ სფეროში ტრიალებთ. ამ სიბინძურისკენ მიდრეკილი ხომ არ გახდით?

ვაჟა ფშაველას პოეზია, განსაკუთრებით, „კაი ყმა“ მიყვარს…

–  ახლა გამახსენდა: შევარდნაძეს რას ერჩოდით?

– იმას ვერჩოდი, რომ ჩემს ქვეყანას ერჩოდა.

– ბურჭულაძისგან წასულთა უმეტესობა ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს. თქვენს საარჩევნო კამპანიას ვინ აფინანსებს?

პარტიული სტრუქტურები პარტიისგან ფინანსდება.

– რა ვიცი, თავად ბურჭულაძეც უარყოფს, რომ ფინანსური პრობლემები გაქვთ. მდიდარი ხართ თუ ღარიბი?

ჩემი ხალხის ცხოვრებით ვცხოვრობ.

– კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც თქვენი პარტიის ლიდერს უყენებენ, კანონიერ ქურდებთან კავშირია. ჯერ ერთი, მითხარით, თქვენს სანაცნობო-სამეგობროში ქურდები არიან?

– (სიტყვას მაწყვეტინებს) არიან.

– საინტერესოა. იმ კანონს, რომლითაც ქურდულ სამყაროსთან კავშირი დასჯადია, როგორ უყურებთ?

დადებითად.

– ვთქვათ, არჩევნებამდე ისე მიხვედით, რომ პაატა ბურჭულაძე არ დატოვეთ და მაჟორიტარიც გახდით. ხალხისთის რას გააკეთებთ?

არ შევიცვლები.

– ამას მერე გაგახსენებთ. თქვენზე რა კომპრომატები არსებობს?  ახლა, არ მითხრათ, „ნაცები“ ფარულად მე არ მიღებდნენო.

– ჩემზე კომპრომატებს ორი – შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლება ეძებდა, მაგრამ ვერ მივართვი.

– ასეთი თვითდაჯერებულიც ნუ იქნებით. ჰო, მართლა, „ოცნებამ“ თავის რიგებში რატომ არ მიგიღოთ?

ხარისხობრივი შეუთვისებლობის გამო.

– ბედნიერი კაცი ხართ?

 ჩემი ერის, ხალხისა და სამშობლოს დღევანდელი მდგომარეობა ბედნიერების განცდისთვის არ მყოფნის!

– როგორ ფიქრობთ, კონსტიტუციაში აუცილებელია, ეწეროს, რომ ოჯახი ქალისა დ მამაკაცის ერთობაა?

ეს საკითხი სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება. ისე, ცნობისთვის: მსგავსი კავშირები დაშვებული ერთ მართმადიდებელ ქვეყანაშიც არაა.

– რისი გწამთ და რისი გეშინიათ?

რაც მიყვარს, იმის მეშინია და რისიც მეშინია, ის მიყვარს.

– და რა გიყვართ და, შესაბამისად, რისი გეშინიათ?

– ღმერთის!

– მოდით, თქვენს ოჯახზეც მიამბეთ.

– მეუღლე, ირმა სორდია პედაგოგია. ბავშვობისდროინდელი სიყვარული მოგვდევს და ტრადიციული ქართული ოჯახი გვაქვს, სამი ქართველი გვეზრდება: მაგდა, მარი და გიორგი.

– უკან ხშირად იხედებით?

აწმყო, შობილი წარსულისაგან…

– ბატონო გიორგი, რომ იცოდეთ, თქვენი ამ ქვეყნად არსებობა სამ წუთსღა ითვლის, რას გააკეთებდით?

სულის გადარჩენაზე ვიფიქრებდი.

– პოლიტიკოსი ხართ?

დიახ.

– პარლამენტარი რომ გახდეთ, ქართული საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში რა ახალ სტილს დაამკვიდრებთ?

– (მოკლედ) გულწრფელობას.

– სამეგრელოში „ნაციონალების“ პოპულარობას რითი ხსნით?

შევარდნაძის რეჟიმის შემდეგ, ეს ბუნებრივი იყო, მაგრამ ბოლო წლებში სამეგრელომ „ნაცმოძრაობის“ დაშვებულ შეცდომებსაც პასუხი ადექვატურად გასცა!

– ვთქვათ, არჩევნების მერე „ნაცებმა“ ქუჩის გამოსვლები მართლა დაიწყეს. შეუერთდებით?

თუ არჩევნები გაყალბდა, ეს საერთო სახალხო მოძრაობა იქნება.

რაც შეეხება ვიწრო პარტიულ სცენარებს, კატეგორიულად ვემიჯნებით.

– ისე, არჩევნები რომ გაგიყალბონ, რას იზამთ?

ყველა კანონიერი გზით ვიბრძოლებ.

– თქვენს პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ჰქვია. შეგიძლიათ, ეს სახელწოდება გამიშიფროთ, ანუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო ხალხისთვის?

– სახელწმიფო ხალხისთვის უნდა იყოს და არა – ოლიგარქისთვის!

– შეგიძლიათ, დაიფიცოთ, რომ ხალხს არასოდეს უღალატებთ და პარლამენტარობისკენაც იმიტომ არ მიილტვით, რომ პირადი ცხოვრება მოიწყოთ?

– პარლამენტარობა ჩემთვის პირველი საჯარო პოსტი არაა და ჩემი წარსულით ბევრჯერ დამიმტკიცებია, რომ ჩემთვის მთავარი საერთო საქმეა და არა – მერკანტილური ინტერესები! ახლა, თქვენს წეღანდელ შეკითხვას დავუბრუნდები: უკან, მართლაც, მიმეხედება!

– ბოლოს რას მეტყვით, ბატონო გია?

რას და, მარკ ავრელიუსის სიტყვებს გავიხსენებ: „შენ უფრო დიდი რამისთვის ხარ შექმნილი, ვიდრე მსახურებაა საკუთარი თავის მიმართ!“

– წარმატებებს გისურვებთ!

 

 

 

ესაუბრა:ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატია“აგვისტო-სექტემბერში წინასაარჩევნო დარღვევები გაიზარდა და დამძიმდა”