სამსახურის დაკარგვა რთულია, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს სჭირდება ოპტიმიზაცია- სესიაშვილი

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმას და რეორგანიზაციის პროცესს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო სერიოზულ ოპტიმიზაციას საჭიროებს:

„მესმის ნებისმიერი ადამიანის, სამსახურიდან გათავისუფლება, სამსახურის დაკარგვა ძალიან რთულია, მაგრამ მინდა პირდაპირ ვთქვა, სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტრო საჭიროებდა და დღესაც საჭიროებს სერიოზულ ოპტიმიზაციას. მე არ ვამბობ ამას დღევანდელი გადმოსახედიდან. მინდა გითხრათ, რომ ყველა მინისტრისთვის, რომელიც თავდაცვას ხელმძღვანელობდა, ეს პრობლემა ნათელი იყო და სერიოზული სიმწვავით იდგა. ეს ამოტრიალებული პირამიდა უნდა გამოვასწოროთ, რეალურად უნდა ჩავჯდეთ იმ სტანდარტებში, რასაც ნატოს სტანდარტი ჰქვია. თავად სამხედროებმა ძალიან კარგად იციან, რომ ხშირ შემთხვევაში უფროსი ოფიცრები უფრო მეტნი არიან, ვიდრე უმცროსი ოფიცრები, რომელთა საჭიროება დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე პირიქით. ასევე, შეიძლება სამხედრო პოლიციის რიცხოვნობა გადამეტებული იყოს, აჭარბებდეს პროპორციულად საერთო შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას და თანაფარდობა იყოს არასწორი. ადამიანურად, ჩემი პოზიციიდან გამომდინარეც, მე თანავუგრძნობ ამ ადამიანებს, მაგრამ ეს ის მტკივნეული ნაბიჯებია, რომელიც სჭირდება თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ ოფიცერს, ეროვნული თავდაცვის ინტერესებს. ამიტომ, ვწუხვარ, მაგრამ ეს საქმე გასაკეთებელია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციიდან გუშინ 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზის რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
შემდეგი სტატია“ჯიდიესი” თავისი “სტაფით” გადმობარგდება ვასოსთან და სარედაქციო პოლიტიკაც ექნებათ “შესაბამისი”