სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ექსპერტის, დავით უმანკოშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოში ექსპერტის თანამდებობაზე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დიდი ოდენობით – 286 401 ლარის, 9 350 აშშ დოლარის, 1 250 ევროს, 15 000 უკრაინული გრივნას ღირებულების სხვადასხვა მოქალაქეთა კუთვნილი საკვლევი ნივთიერი მტკიცებულებები და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კუთვნილი ტექნიკა: მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობები.

პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 2021 წლის 24 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით. მასვე, 6 თვის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება.

საქართველოს პროკურატურა სასამართლოს განაჩენს სასჯელის ნაწილში არ ეთანხმება და კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინა სტატიაშისაქართველოში “ომიკრონის” 10-ზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა