სამოქალაქო თანასწორობისა და ინტერგაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიესალმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი.

ლია გიგაურმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ხედვაზე, მიზნებსა და ამოცანებზე. მან ყურადღება გაამახვილა აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. სხდომის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების“ შედეგები. ასევე, მონაწილეებს გააცნო „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2026წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი. აღნიშნული დოკუმენტები მომზადდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით, დაინტერსებული აქტორების ჩართულობითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

„დღეს ჩვენ სამთავრობო კომისიის სხდომაზე შესათანხმებლად წარმოვადგინეთ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი. აღნიშნული სტრატეგია შემუშავდა სხვადასხვა აქტორის ჩართულობით, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების აქტიური მონაწილეობით, ასევე იმ ადამიანების ჩართულობით, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქვეყანაში ინკლუზიური, სამართლებრივი და რაც მთავარია მრავალკულტურული გარემოს განმტკიცებით. აღნიშნული სტრატეგია პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც წინა სტრატეგიის ფარგლებში დარჩა შესასრულებელი, ამავდროულად აძლიერებს მიღწევებს. დღევანდელი სხდომა ემსახურებოდა ამ სტრატეგიის პროექტის შეთანხმებას, რამდენადაც ჩვენ უნდა წარვუდგინოთ ის ფართო საზოგადოებას, შემდეგ კი, მთავრობას დასამტკიცებლად” – განაცხადა ლია გიგაურმა.

ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიდღეს დედის დღეა – თარიღი, რომელიც ზვიად გამსახურდიამ 1991 წელს დააწესა
შემდეგი სტატიაექსპერტების შეფასება – ღარიბაშვილმა ფაქტობრივად ხელთათმანი ესროლა მთელ ევროკავშირს