სამოქალაქო სოლიდარობის ქსელი საერთო მოძრაობის შექმნას აანონსებს

სამოქალაქო სოლიდარობის ქსელი საერთო მოძრაობის შექმნას აანონსებს. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ დღეს პროტესტს წყვეტენ, თუმცა, “ერთიანი დაუმორჩილებლობის” გეგმა შეიმუშავეს. მათი თქმით, გამართავენ შეხვედრას სხვადასხვა “ჩაგრულ ჯგუფთან” – ტაქსისტებთან, “იპოთეკით დაზარალებულებთან”, დევნილებთან.

“გავერთიანდებით და მერე ვნახოთ, ვინ ვის შეხვდება და ვინ ვის არ შეხვდება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება” – თქვა ორგანიზატორმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სურს, აქციის მონაწილეები “გიჟებად გამოგვიყვანოს”.

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან დაწყებული აქცია ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ადგილზე მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვდნენ. თბილისის მერმა აქციის მონაწილეებს “სამუშაო ფორმატში” შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მომიტინგეები თბილისის მერის კახა კალაძის სახლთან მივიდნენ და სკანდირებდნენ – “გამოდი”.

მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალებას არ მისცა და კორდონი გააკეთა. ამის გამო, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა ღობე მოშალა და იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც გუშინ 2 ადამიანი დაიღუპა.

“სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, 40 წლის კაცს კი, 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

 

 

banner
წინა სტატიაშილავროვმა და კოვემ ორმაგი მოქალაქეობის საკითხი განიხილეს
შემდეგი სტატიანახევრად შიშველმა აქტივისტებმა ბრიტანეთის პარლამენტში “ბრექსიტის” დებატებზე აქცია გამართეს