სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს.
ყოფილი მინისტრები, დიპლომატები და სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები – გაერთიანებული ერების ორგანიზაციას (UN), ევროპის კავშირს (EU), ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), ეუთო-ს(OSCE), ნატო-ს (NATO) მიმართავენ.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გმობენ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის განგრძობით პროცესს. წერილში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებების დინამიკა პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და სტაბილურობას რეგიონში.
სამოქალაქო საზოგადოების ცნობით, ბოლო წლებში დაფიქსირებული ფაქტების ერთობლიობა ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას, რაც გამოიხატება შემდეგ საგანგაშო ტენდენციებში:
„2026 წლის 9 მაისს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევს მიერ ხელმოწერილი „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ შეთანხმება, წარმოადგენს ფაქტობრივი ანექსიის ახალ განზომილებას, რომელიც ადგილზე მოქმედი რეჟიმის სისტემაში ე.წ. პოლიტიკურ თანამდებობებზე საკუთარი მოქალაქეების დანიშვნის უფლებას აძლევს, ქმნის უძრავი ქონებისა და რესურსების რუსეთის მოქალაქეებისათვის საკუთრებაში გადაცემის “სამართლებრივ“ საფუძვლებს და აღრმავებს ოკუპირებული ცხინვალის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული სისტემების ფუნქციურ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში.
რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნის მარატ კამბოლოვის დანიშვნა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერად და მისთვის მართვის სადავეების გადაბარება საკადრო ცვლილებების გზით წარმოადგენს ადგილობრივი მარიონეტული მმართველობის ფორმალური ნიშნების გაუქმებას და ოკუპირებული რეგიონის პირდაპირ, ღია გადასვლას რუსეთის ფედერაციის მმართველობის ქვეშ.
ანექსიური პროცესები ძლიერდება, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც რუსეთთან საკანონმდებლო “ჰარმონიზაციითა“ და უძრავი ქონების ბაზრის რუსული კაპიტალისთვის გახსნით მოსკოვი ახდენს რეგიონის “სამართლებრივ” და ეკონომიკურ შთანთქმას. პროცესების ყოვლისმომცველ კოორდინაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უმაღლესი ეშელონებიდან პირადად მოსკოველი კურატორი – სერგეი კირიენკო ხელმძღვანელობს. განსაკუთრებით საგანგაშოა ოჩამჩირის პორტის გადაქცევა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო პლაცდარმად და თბილისის მიმართ გაჟღერებული მუქარები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის შავი ზღვის უსაფრთხოებას.
ხსენებული პროცესები მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტების ფონზე. არსებობს მაღალი რისკი, რომ მოსკოვმა საკუთარი შემცირებული გავლენის კომპენსირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს.
მოსკოვის მოთხოვნა თბილისთან ე.წ. „ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერის არა კონფლიქტის რეალურ მხარესთან – რუსეთთან, არამედ ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან, წარმოადგენს საქართველოს მთელი ტერიტორიის რუსეთის გავლენის სფეროდ დამკვიდრების ნიადაგის შემზადებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ცალმხრივად, მათ შორის საერთაშორისო დონეზე არაერთხელ აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება, რაც მსგავსი მოთხოვნების პოლიტიკურ და პროვოკაციულ ხასიათს ააშკარავებს”,- ნათქვამია მიმართვაში
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს:
• კვლავაც მტკიცედ დაადასტურონ მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;
• საერთაშორისო დონეზე დაგმონ რუსეთის აგრესიული რიტორიკა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები;
• განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირთა მიმართ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო ანექსიურ და მილიტარისტულ პროცესებში;
• კიდევ უფრო განამტკიცონ ოკუპირებული რეგიონების მიმართ ე.წ დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა.
• გააძლიერონ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო მედეგობისა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარებისათვის.
სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პარტნიორების დროული და კოორდინირებული მოქმედება აუცილებელია, რათა რუსეთმა გადაიხადოს მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევების გამო.
ასევე, წერილის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება რჩება დეოკუპაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის ერთგული. მიმართვა ღიაა შემდგომი მიერთებისთვის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.














