„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლების მიერ 14:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევები

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, გამოავლინეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე ფაქტი. კერძოდ:
• მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის N13.22.59 უბანზე ირღვევა ხმის მიცემის ფარულობა, კაბინიდან გამოსული ამომრჩევლები ბიულეტინებს იქ მყოფ პირებს ღიად აჩვენებენ;
• გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარული ოლქის N09.12.48 უბანზე ნაკადის მარეგულირებელმა კომისიის წევრმა დროებით, ჩანაცვლების გარეშე, დატოვა ფუნქციის შესრულება. უბანზე 2 ამომრჩეველი შემოვიდა მარკირების შემოწმების გარეშე. ჩვენი დამკვირვებლის შენიშვნის საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა;
• ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარული ოლქის N14.23.11 უბანზე მყოფი პირი ამომრჩევლებს მიუთითებდა რომელი სუბიექტისთვის მიეცათ ხმა. ჩვენი დამკვირვებლის მითითების საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა;
• დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქის N06.05.109 უბანზე დაბრუნებული გადასატანი ყუთის სიაში არ არის დაფიქსირებული ამომრჩეველთა ხელმოწერები;
• ათენის N38 საარჩევნო უბანზე (ეკუთვნის მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარულ ოლქს) არ უშვებენ დამკვირვებელს;
• ვაკის მაჟორიტარული ოლქის N02.02.12 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა აგიტაციას. რეგისტრატორმა კომისიის წევრმა მიუთითა ამომრჩეველს რომელი სუბიექტისთვის მიეცა ხმა;
• საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქის N20.56.50 უბანზე კაბინები იმგვარად იყო განთავსებული, რომ არ იყო დაცული ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. ჩვენი დამკვირვებლის საჩივრის საფუძველზე პრობლემა აღმოიფხვრა;
საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ზოგადი დარღვევა. კერძოდ, არ ხდება რეგისტრატორთან ამომრჩევლების იდენტიფიცირება. რეგისტრატორები ხშირად არ ითხოვენ პირბადის მოხსნას.
“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოვებელ გარემოში ჩატარებას და ამომჩეველის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშატაბით, 24 ოლქში აკვირდება ორგანიზაციის 392 დამკვირვებელი და 21 მობულური ჯგუფი. დამკვირვებლებისთვის შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ, მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის მობილური ჯგუფები ასპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე ამოწმებენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში მუშაობს იურისტთა ჯგუფი, რომელიც საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად უწევს კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, ერთვება საჩივრის მომზადების პროცესში.
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ოფისში მუშაობს ქოლ-ცენტრი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ ცხელ ხაზზე: 599 404 185 ან დაუკავშირდნენ ორგანიზაციას Facebook გვერდის მესინჯერში და შეატყობინონ მათ მიერ დაფიქირებული დარღვევის შესახებ, მოაწოდონ ვიდეო და ფოტო მასალა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: ხმა მივეცი პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარება შეუძლია
შემდეგი სტატია“საიას” დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დარღვევების ამსახველი ფოტომასალა წაუშალეს