სამოქალაქო ორგანიზაციები, “სამართლიანი არჩევნები”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სამოქალაქო ორგანიზაციები, “სამართლიანი არჩევნები”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში, ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

“ვგმობთ შსს-ს ძალადობრივ აქტს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

2024 წლის 19 ნოემბერს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, აგრეთვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების გაერთიანებულმა ძალებმა დაარბიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია.

საქართველოს მოქალაქეები არჩევნების მასობრივი გაყალბების გამო ორი დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შვიდობიანი ფორმით უწყვეტ პროტესტს გამოხატავენ.

გამთენიისას, დაახლოებით 7:00 საათზე, საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მომიტინგეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს ადგილიდან. უკანონო დარბევის დროს დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, “მთავარი არხის” ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელსაც სამართალდამცავები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ფიზიკურად იძალადეს “პუბლიკას” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზეც. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესა და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, გივი ავალიანს.

საქართველოში პოლიცია უკვე მერამდენედ ატარებს ძალადობრივ ოპერაციებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რითაც უხეშად არღვევს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათეონა აქუბარდია: ბეწვზე ჰკიდია ივანიშვილის ძალაუფლება – ივანიშვილი დგას შიშზე და ჩვენ ამ შიშს უნდა დავუპირისპიროთ წინააღმდეგობა