„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლის, გურამ იმნაძის განცხადებით, მესამე სექტორი აუცილებლად გამოიყენებს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს იმისთვის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოქმედება შეჩერდეს, საბოლოო ჯამში, კი გაუქმდეს.
„ცხადია, ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები არ ვაპირებთ რუსული კანონით მუშაობის და ცხოვრების გაგრძელებას, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევწყვეტთ ჩვენ საქმიანობას. კიდევ უფრო მეტი მოტივაციით აუცილებლად გავაგრძელებთ ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე მუშაობას და ამავდროულად, აუცილებლად გამოვიყენებთ, როგორც ეროვნულ მექანიზმებს, ისე საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს იმისთვის, რომ ამ კანონის მოქმედება შეჩერდეს, საბოლოო ჯამში, კი გაუქმდეს. ამ მიზნით ჩვენ მზადება და მუშაობა დავიწყეთ კონსტიტუციურ სარჩელზე, გვინდა, რომ ეს იყოს სამოქალაქო ორგანიზაციების საერთო სარჩელი. გვინდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დროულად წარვადგინოთ, რომლითაც ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის პრინციპების მავნე და დამაზიანებელი ეფექტი იქნება დროულად და მყისიერად აღკვეთილი“, – განაცხადა გურამ იმნაძემ.