„სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – ცესკო-მ შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი პრეცედენტი დაამკვიდრა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე უარი თქვა გაეთვალისწინებინა „სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია“-ს თხოვნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ბიულეტენის ტექსტის დადგენისას პრეზიდენტობის კანდიდატის – გრიგოლ ვაშაძის წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად განსაზღვრულიყო „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია”, – ამის შესახებ ნათქვამია „სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ განცხადებაში.

“თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აღნიშნული სახელით ჩვენ უკვე რეგისტრირებული ვართ კანდიდატების წარმდგენ საარჩევნო სუბიექტად 2018 წლის 28 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნებში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს იმართება თერჯოლისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში.

ზემოაღნიშნული განსხვავებული მიდგომა ერთიდაიმავე დღეს ჩასატარებელ არჩევნებზე ერთი საარჩევნო ნომრის მქონე სუბიექტისათვის ბიულეტენებში სხვადასხვა სახელის მინიჭება წარმოადგენს „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” მხარდამჭერების დეზორიენტაციის მცდელობას, ეწინააღმდეგება წინა პერიოდების პრეზიდენტის არჩევნების პრაქტიკას და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპს – ხელი შეუწყოს ამომრჩევლის მიერ საკუთარინების გამოვლენასა და დემოკრატიული, სამართლებრივი პროცესების დამკვიდრებას.

ნაცვლად ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ერთგვაროვანი პრაქტიკის უგულებელყოფით, დაამკვიდრა შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი პრეცედენტი.

ჩვენს საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო პლაკატები, ბანერები, კლიპები წარმოდგენილი და გავრცელებული აქვს ამომრჩეველთა შორის სწორედ აღნიშნული სახელწოდებით „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალაერთობაშია”, რაც მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ნების გამოვლენის დროს. ამასთან, პრეზიდენტის არჩევნებში საარჩევნო სუბიექტის ბიულეტენში სახელწოდების ცვლილების საკითხი არ არის დეტალურად დარეგულირებული საარჩევნო კანონმდებლობით. ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა კანონის ანალოგიის პრინციპის გამოყენების შესაძლებლობას.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ იხელმძღვანელა საქართველოს პარლამენტისა და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების ცვლილების წესის ანალოგითა და წინა პერიოდების პრეზიდენტის არჩევნების პრაქტიკით, რომელზე დაყრდნობით ჩვენი თხოვნის დაკმაყოფილება იქნებოდა ლოგიკურიც და სამართლებრივად დასაბუთებულიც, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი შეფასებით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება მოტივირებულია პოლიტიკური და არა სამართლებრივი საფუძვლით, რომლის მიზანია დამატებითი წინააღმდეგობები შეუქმნას პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს, რომელიც დამაჯერებლად ლიდერობს საარჩევნო კამპანიაში და მნიშვნელოვნად უსწრებს დღევანდელი რეიტინგით ხელისუფლების კანდიდატს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – გიგი უგულავას პოლიტიკური კუნთების თამაში სჩვევია
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია განცხადებას ავრცელებს