სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობას ნანა კოსტავას ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები და სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს დეპუტატ ნანა კოსტავას საკითხზე მსჯელობენ.

კოსტავას წინააღმდეგ გუშინ გამართული აქციის მონაწილეები საკრებულოს უმრავლესობის 14 დეპუტატს ხვდებიან.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თითოეული დეპუტატისგან კოსტავას მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებას ითხოვენ და საკრებულოს წევრებს მოუწოდებენ, დააფიქსირონ, უჭერენ თუ არა მხარს ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლას.

„საჯარო მოხელისგან მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება და ნიშნის მოგებით საუბარი. თუ ნანა კოსტავა ერთ დღეში არ დატოვებს საკრებულოს, მოგიწოდებთ გამოუცხადოთ ბოიკოტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ“, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიზო ბანძელაძემ.

როგორც შეხვედრაზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიამ აღნიშნა, საკრებულომ ყველა ბერკეტი გამოიყენა და კოსტავას ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი უკვე დაატოვებინეს.

„გუნდის სახელით გავაკეთე განცხადება, რომ ვემიჯნებით ნანა კოსტავას განცხადებას. კოსტავამ დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა და გენდერული საბჭო. სხვა ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს, ნანა კოსტავამ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა საკრებულოს,”-განაცხადა ნიკა ლატარიამ.

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ლორთქიფანიძე კი აცხადებს, რომ ნანა კოსტავას განცხადებას ისიც ემიჯნება, თუმცა საკრებულოდან წასვლას ვერ დააძალებს.

„საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გუნდის სახელით გააკეთა. ეს პოზიცია შეჯერებული იყო. პირადად მეც ვემიჯნები კოსტავას განცხადებას, მაგრამ მას ვერ დავაძალებ საკრებულოდან წასვლას, შესაძლოა, ეს ზეწოლად ჩაითვალოს“, – განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რამდენიმე დღის წინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი. მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.

ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა 31 მაისს დატოვა. იმავე დღეს განაცხადა, რომ ორშაბათს, 3 ივნისს საკრებულოდან წასვლაზე განცხადებას დაწერდა. თუმცა, 3 ივნისს სატალეფონო კომენტარისას განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საკრებულოს აღარ დატოვებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის განცხადება დავით გარეჯში პრემიერთან შეთანხმებული იყო – პრეზიდენტის პრესსპიკერი
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდიას ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ