გელათის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარის პირველი განმარტება – სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებზე განცხადება მამამ კირიონმა გააკეთა.
საპატრიარქოს წარმომადგენელი ამბობს, რომ სამონასტრო კომპლექსის ერთი თვით გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნის საფუძველზე დაიხურა, მიზეზი კი ინტენსიური სამუშოები გახდა.
ამ ეტაპზე მონასტრის დროებითი გადახურვის მონტაჟია დაწყებული, შემდეგი ეტაპი კი გუმბათის რეაბილიტაციაა.
დროებით გადახურვის სამუშაოებს გერმანული კომპანია „ქვადრექსი“ შეასრულებს. სამუშაო გაგრძელდება ექვსი კვირის განმავლობაში. ჩვენ დაახლოებით გვაქვს 45 დღე. შემოსასვლელში წერია, რომ 15 აგვისტომდე მონასტერი ვიზიტორებისთვის დაიკეტება. ეს განხორციელდა მომლოცველებისა და მნახველების უსაფრთხოების მიზნით. გერმანულმა კომპანიამ გამოგზავნა წერილი და გვთხოვეს, ამ კუთხით თუ არ იქნება უსაფრთხოება და არ დაიკეტება მონასტერი, მაშინ ამ სამუშაოებს ვერ შეასრულებდნენ. ამიტომ ეს ყველაფერი ხორციელდება მოქალაქეების უსაფრთხოების გამო. ამ კონსტრუქციის ფასი და ღირებულება არის იმაში, რომ დალაგებულია სპეციალური ბეტონის ფილები, რომლებიც ჩამოისხა რუსთავში. ერთიანი დროებითი გადახურვის კონსტრუქცია ტაძრის სტრუქტურას საერთოდ არ ეხება და ამით არის ის უნიკალური.
24 ივლისს ჩამოდიან მხატვრების კონსერვაციის ხელმძღვანელები. ასევე მობილიზებულები არიან ქართველების ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელებიც მარიამ საღარაძე და ლელა ნინოშვილი არიან. ისინი დაიწყებენ სამ-კვირიან სამუშაოებს გელათის მხატვრობაზე. ამავე დროს, 7 ივლისს ჩამოდის მოზაიკის ხელმძღვანელი და ექსპერტი, ბატონი რობერტო ნარდი და ის განახორციელებს სამუშაოებს. მას ჩამოყავს რვა კაციანი სამუშაო გუნდი და ეს ყველაფერი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს”, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.
ცნობისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე ვიზიტორებისთვის დაიკეტა – ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს.