კობახიძე და მდინარაძე მეძახიან აგენტს, სპიკერი მიკროფონს გვირთავს და უმრავლესობა ტაშს უკრავს – რატომ არ არის ფარცხალაძე დაკავებული? რატომ მოხერხა მისი ქონების სხვაზე გადაფორმება? რატომ არ აუქმებენ ბრძანებას, რომლითაც თავად აღიარებენ, რომ მომავალში დაიცავენ ჯაშუშებს?! საკუთარ თავს იცავენ!- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც მას მდინარაძესთან შელაპარაკების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
მისი თქმით, უმრავლესობას სურს ოპოზიცია გაჩუმდეს და არგუმენტები რომ არ აქვთ, მათი კითხვების საპასუხოდ შეურაცხყოფაზე გადადიან ან მიკროფონს თიშავენ.
„უმრავლესობა და განსაკუთრებით კობახიძე და მდინარაძე გააქტიურდა ორი დღეა პირადად ჩემთვის იმის ძახილით, რომ ვარ აგენტი და იმის ნაცვლად უპასუხონ ოპოზიციის შეკითხვებს ბრძანებაზე, რომელიც იცავს სამომავლოდ გამოვლენილ ჯაშუშებს მათი რიგებიდან, მიკროფონს თიშავს სპიკერი ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, წინასწარ ისე, რომ არც იცის, რა კითხვა უნდა დავსვათ, მაგრამ მისი ვარაუდით, ეს კითხვა ეხება ფარცხალაძეს და ეს არის მათთვის ძალიან მტკივნეული საკითხი. ამასობაში, აქეთა ფლანგიდან არის ტაში, სიცილი და მომართვა, რომ ვარ აგენტი. მივაკითხე და მივედი მდინარაძესთან, რომელიც იმასაც ვერ ბედავს, ახსნას რასაც იძახის და მანდატურების იმედად არის, იძახა რომ ვარ აგენტი. ვისი აგენტი ვარ, რის საფუძველზე ამბობენ, როგორ ბედავს, პასუხები არ არის ამაზე, გარდა სიცილისა და მანდატურების იმედად შემოტევისა და შეურაცხყოფისა. რუსეთის ინტერესებზე მომუშავე უმრავლესობა ტაშს უკრავს ოპოზიციისთვის მიკროფონების გამორთვას. არგუმენტები რომ არ აქვთ ან გადმოდიან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ან მიკროფონებს თიშავენ, უნდათ ოპოზიცია დადუმდეს. ამას ვერ მიაღწევენ! ჩვენს უკან დგას ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც იცავს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს ხალხი მიგვათრევს რუსეთში, სადაც ყველას ეძახიან აგენტს, სადაც ოპოზიცია დადუმებულია, „ქართული ოცნება“ გადაფარებულია ფარცხალაძეს, გუშინ გადმოაგდეს მისი მოქალაქეობა და ფიქრობენ, ამით დაამთავრეს საქმე. რატომ არ არის ფარცხალაძე დაკავებული, რატომ მოხერხა ქონების გადაფორმება, რატომ არ აუქმებენ ბრძანებას, რომლითაც თავად აღიარებენ, რომ მომავალში დაიცავენ ჯაშუშებს?! საკუთარ თავს იცავენ,“ – განაცხადა სამნიძემ.