სამნიძე – ევროკავშირი მზად არის, გადაიხადოს გირაო, მისი მიღება ნიკა მელიას გადასაწყვეტია

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ძირითადი საკითხი, რაზეც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შეთანხმდნენ, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამნისტიაზე დაზარალებულების თანხმობას ეხება.

სამნიძის თქმით, ოპოზიციის მიზანი იყო, პროექტში გაწერილიყო კონკრეტული მუხლები, ვის შეეხებოდა ამნისტია.

ხათუნა სამნიძის შეფასებით, „ქართულმა ოცნების“ მიერ დარეგისტრირებული ამნისტიის შესახებ პროექტი ბუნდოვანია და ბევრ შეკითხვას ტოვებს.

„ძირითადი საკითხი, რის გამოც ვერ შევთანხმდით, იყო დაზარალებულების თანხმობა ამნისტირებულ პოლიციელებთან დაკავშირებით და სამართალდამცველებთან დაკავშირებით, რომლებმაც დაარღვიეს კანონი. ამაზე არ დაგვეთანხმა „ქართული ოცნება“ და არც აქვს ასახული ეს თავის კანონპროექტში. კონკრეტული მუხლების შემოფარგვლა იყო ჩვენი მიზანი და ჩვენი მოთხოვნა.

შარლ მიშელის დოკუმენტის განხილვის დროს, ეს იყო ზეპირი შეთანხების საგანი, მაგრამ არ გაითვალისწინა „ქართულმა ოცნებამ“ და დაარეგისტრირა პროექტი, რომელიც არის ბუნდოვანი, ტოვებს ძალიან ბევრ შეკითხვას, არ არის კონკრეტულ მუხლებზე და ძალიან რთულია განჭვრეტა, ვის ეხება. ჩვენი, ოპოზიციიის კანონპროექტი არის მკაფიო, კონკრეტული მუხლებით და კარგად ჩანს, ვის შეიძლება შეეხოს ის.

რაც შეეხება თანხმობის საკითხს, ამნისტიის სტანდარტია, რომ ყველა ადამიანს, ვისაც ეხება ამნისტია, შეუძლია, გაასაჩივროს, უარი თქვას, რომ მას ეხებოდეს და დაელოდოს სასამართლო პროცესს.

ამნისტიის მიღების შემთხვევაში, ამის უფლება ექნება ნიკა მელიას, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ისეთი ჩანაწერი, რომ იკითხება წინასწარი თანხმობის მოთხოვნა, რაც არ არის სტანდარტი და ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, რომელშიც ამნისტიის ჩანაწერი გახდა სწორედ იმ მიზნით, რომ ნიკა მელია გათავისუფლებულიყო საპატიმროდან და მის წინააღმდეგ საქმე შეწყვეტილიყო“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სამნიძის განმარტებით, დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია გათავისუფლდება და ხელშეკრულების მუხლები შესრულდება.

„ამ პროცესს აკვირდებიან დასავლელი პარტნიორები, მათ ძალიან კარგად იციან, რომ „ქართული ოცნება“ ეცდება, გამოიყენოს სათავისოდ ყველა პუნქტი, ამჯერად ითამაშოს პატიმრების ემოციებზე და დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში დასავლეთს ექნება რეაგირება“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, ხათუნა სამნიძის აზრით, ამ ეტაპზე ერთ კანონპროექტზე შეჯერების შესაძლებლობა არ ჩანს.

„სრულიად განსხვავებული დოკუმენტებია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ გაუმჯობესდეს ეს ვერსია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია საჯარო საკომიტეტო მოსმენებზე, სადაც ჩართული იქნება ბევრი ადამიანი.

მოლაპარაკებების დროს ევროკავშირი მზად იყო, გადაეხადა გირაო, ახლაც მზად არის. მათი მთავარი გზავნილი იყო, რომ სჭირდებოდათ ნიკა მელიას კონკრეტული თანხმობა, რადგან მისი ნების წინააღმდეგ არავინ აპირებდა წასვლას. ეს იყო მთავარი ამოსავალი. ნების გამოხატვა, მზაობა მიღებისთვის, არის ნიკა მელიას გადასაწყვეტი, რადგან არავის აქვს უფლება, ნიკა მელიას ნების წინააღმდეგ წავიდეს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ივერი მელაშვილი ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანიის მსხვერპლია
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა