სამხრეთ სამეზობლოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა გახდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელის რეგიონები ჩვენი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია. ხავიერ კოლომინას ნატო-ს პარტნიორებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა სამხრეთში ნატო-ს მნიშვნელოვან მუშაობას კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ხავიერ კოლომინა პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა და ამ დრომდე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.