სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ხე დააპატიმრეს

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ხე დააპატიმრეს. ექსპრეზიდენტის დაკავებაზე ორდერი სეულის სასამართლომ გასცა. მას მექრთამეობაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონფიდენციალური ინფორმაციის უცხო ადამიანისთვის (ჩხვე სუნ სილი) გადაცემაში ადანაშაულებენ.

სამხრეთ კორეის პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს იმ ცამეტ კორუფციულ საქმესთან კავშირის გამო ედავება, რომელშიც მისი ახლო მეგობარი ჩხვე სუნ სილი ფიგურირებს. ეს უკანასკნელი შარშან დეკემბერში დააპატიმრეს.

ამ კორუფციული სკანდალის გამო, თებერვალში დააპატიმრეს ასევე კორპორაცია Sumsung-ის ვიცე-პრეზიდენტი ლი ჯეიონი.

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი 2016 წლის 9 დეკემბერს გამოუცხადა, მაგრამ პრეზიდენტის იმუნიტეტის გამო პროკურატურამ მის წინააღდეგ საქმე ვერ აღძრა.

10 მარტს ქვეყნის პირველი პირის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს 7-მა მოსამართლემ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც პაკ კინ ხემ იმუნიტეტი დაკარგა და პროკურატურას დაკითხვაზე დათანხმდა.

პაკ კინ ხე სამხრეთ კორეის მესამე ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისანდრო იცოდე,ვერავითარი იარაღი და გარეშე ძალა ვერ მოგვერევა თუ შიდა ღალატი არ იქნება
შემდეგი სტატიაბანგლადეშში რვა ისლამისტმა თავი ყუმბარით აიფეთქა