სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და კომიტეტის შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტს, რომლის ძირითადი არსი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებაში მდგომარეობს.
პროექტის ინიციატორი პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი ზურაბ ჯაფარიძეა. “საქართველოში დღეს არსებობს სისტემა, რომელსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემა ჰქვია. ეს ინიციატივა გულისხმობს ამ სისტემის სრულად გაუქმებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრინციპულად მიუღებელია არსებობდეს ასეთი სამხედრო სავალდებულო სამსახური ან ზოგადად არსებობდეს რაიმე ტიპის სამსახური, სადაც სახელმწიფოს ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდები მიჰყავდეს მათი ნების საწინააღმდეგოდ. რეალურად, ამ სისტემას არ აქვს კავშირი ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიონობასთან, ამ ქვეყნის ჯარის ბრძოლისუნარიანობასთან. წლევანდელი მონაცემებით, წელს გაწვეულია 6 436 ახალგაზრდა. აქედან, რეალურად სამხედრო სამსახურში წავიდა დაახლოებით 25%-ზე ნაკლები, დანარჩენი ახალგაზრდები გაწვეულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს სხვადასხვა უწყებებში”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა თავი დააღწიონ სამხედრო სავალდებულო სამსახურს, მიმართვავენ სხვადასხვა ქმედებებს. ინიციატორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს ნატო-ს წინაშე.
პროექტით, კანონის ამოქმედების ვადად 2016 წლის 1 იანვარია განსაზღვრულია.
ზურაბ ჯაფარიძემ გაიზიარა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ შემდგომი განხილვების დროს, შესაძლებელია კანონის ამოქმედების ვადა შეიცვალოს და აგრეთვე საჭირო იყოს სრულ პროფესიულ სამსახურზე ეტაპობრივი გადასვლის განსაზღვრა.
აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

banner
წინა სტატიაში“ყველაზე დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეა”
შემდეგი სტატია“ასეთი დამოკიდებულება მესამე სექტორთან არასდროს გვქონია,”- მაჭავარიანი მეჭიაურს