თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “დელტა” 1 022 500 ევროდ 2500 ერთეულ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას ყიდულობს.
გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმების თანახმად, დღეის მდგომარეობით “დელტას” მარაგში დარჩენილია დაახლოებით 4000 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა. 2026 წლის პირველ აპრილს დაიწყო სეტყვის ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების სეზონი, რომლის წარმატებით ჩატარებისთვის სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების არსებული რაოდენობა არასაკმარისია.
ამასთან, ირკვევა, რომ 2026 წლის 17 თებერვალს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 5000 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის შესყიდვის მიზნით, თუმცა აღნიშნული ტენდერი არ შედგა.
“დელტა 2015 წლიდან ახორციელებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვას. ამ დროისთვის, კახეთის რეგიონში 92 ლოკაციაზე ფუნქციონირებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელთა საშუალებითაც ხდება იმ მოსალოდნელი ზარალის თავიდან აცილება, რომელიც შესაძლოა მიადგეს სასოფლო სამეურნეო სავარგულებს, ასევე უძრავ და მოძრავ ქონებას. ცენტრ “დელტას” მიერ რაკეტების შესყიდვის დროულად ვერ განხორციელდება შეაფერხებს შემსყიდველის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის შესრულებას, ამასთან გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ოპერირების ეფექტიანობა შეისწავლა და არაერთ ნაკლოვანებასა თუ გამოწვევაზე მიუთითებს. ანგარიშში მოყვანილია პრობლემური საკითხები სისტემის მართვის პროცესში, რის შედეგადაც მას ეფექტიანად ვერ ვიყენებთ და შედეგად, ფერმერები ზარალდებიან.














