სამხედრო რეზერვის კონცეფციას თავდაცვის სამინისტრო ივნისში წარადგენს

თავდაცვის სამინისტრო რეზერვის კონცეფციას საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში წარუდგენს. როგორც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონცეფციის გამოქვეყნებამდე ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართება პოლიტიკურ პარტიებთან და პრეზიდენტთან უშიშროების საბჭოს ფარგლებში. მისივე თქმით, კონცეფციაზე ამ დროისთვის ექსპერტები მუშაობენ.

“ჯერ ძალიან ადრეა ამ თემაზე საუბარი. მიმდინარეობს დისკუსია და სანამ არ დასრულდება და ექსპერტები, რომლებიც მრავალი წელია ამ თემაზე მუშაობენ, არ შეთანხმდებიან, მე ნამდვილად არ მივცემ თავს უფლებას, რომ ჩემი დამოკიდებულება კონცეფციის ან ხედვების მიმართ, გამოვხატო. ჩვენ ყველანი ერთად, თანასწორ პირობებში ვმონაწილეობთ ამ დისკუსიაში. თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ წინასწარი სამუშაოები გასწია, ჩვენ თავი მოვუყარეთ და ერთ დოკუმენტად ვაქციეთ ის ძირითადი პოსტულატები, რომლებიც დომინირებდა ჩვენ საზოგადოებაში და საექსპერტო წრეებში”, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, კონცეფციასთან დაკავშირებით უკვე გაიმართა რამდენიმე შეკრება.

“ვგეგმავთ შეხვედრას პოლიტიკურ ძალებთან. შემდეგ კვლავ დავბრუნდებით საექსპერტო საზოგადოებაში იმ მონახაზით, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დროს გამოიკვეთება. იქნება მოსმენა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. რა თქმა უნდა უშიშროების საბჭოში ქვეყნის პრეზიდენტთან გვექნება ამ თემებზე საუბარი. მაისში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დროს გვექნება ძალიან საინტერესო ერთი პანელი მთლიანად ამ თემაზე და გვეყოლება ძალიან მნიშვნელოვანი ნატო-ს ექსპერტები, ვინც ჩვენთან ერთად მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას.

ამის შემდეგ უკვე ივნისის დასაწყისში წარვუდგენთ საზოგადოებას შეჯერებულ პროექტს. ჩვენი ამოცანაა, წლის ბოლომდე არა მარტო კონცეფცია იყოს გამზადებული, არამედ მთლიანი სისტემა იყოს აწყობილი, იმისთვის რომ 2017 წლიდან რეალურად დავიწყოთ რეზერვი”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიიეთიმ გურჯის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაზვიად ქორიძე: პრეზიდენტმა 2 წლის განმავლობაში 8 უვადო მსჯავრდებული შეიწყალა