“სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობა ჩვენი მთავარი ამოცანაა”

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, გასაგებია, თუ რატომ არ ენდობა ირმა ინაშვილი ქართველ ჯარისკაცებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თინა ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროში ახლახან ამოქმედებულ პროექტ „მხარი მხარს“ შესახებ ისაუბრა, რომლის მთავარი მიზანი სუიციდის პრევენციაა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ჯარისკაცებზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პრიორიტეტია.

„დავიწყეთ კამპანია „მხარი მხარს“, რომელიც ემსახურება ერთადერთ ამოცანას, რომ არ არსებობს ომი, რომელსაც იგებს მხოლოდ ჯარი, თუ საზოგადოება არ დგას მის გვერდით ასეთ დროს. ეს კამპანია ძალიან ფართო და მრავალკომპონენტიანია. პირველ ეტაპზე დავიწყეთ სუიციდის პრევენციისთვის. გაჩნდა მოსაზრება, რომ თითქოს სტატისტიკა გაიზარდა, მაგრამ ეს ასე არ არის. სამწუხაროდ, აქ ისევეა როგორც დანარჩენ ქვეყანაში, ნებისმიერ სხვა სეგმენტში, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება თუნდაც სულ ერთი შემთხვევა გვქონდეს წლის განმავლობაში, უკვე განსაკუთრებულ მზრუნველობასა და ყურადღებას იმსახურებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ბევრი სხვადასხვა პროგრამა გავაძლიეროთ, ოფიციალური მხარდაჭერიდან დაწყებული საზოგადოების მხარდაჭერით დასრულებული. ჯარი მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ ის ამ საზოგადოების ნაწილია, ისევე როგორც სტუდენტები ან ნებისმიერი სხვა ჯგუფი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მინისტრმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროგრამებზეც ისაუბრა. მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში უახლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საერთაშორისო თანამეგობრობის გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში წელიწადში ორჯერ ჩამოდის და ტრენინგს ატარებს ამერიკელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული მობილური სასწავლო ჯგუფი. თავდაცვის სამინისტროს სამხედროების რეპროთეზირების პროცესში მნიშნელოვან მხარდაჭერას უწევს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკას, რომლის დახმარებითაც 3 წლიანი კონტრაქტის ფარგლებში მოხდა 19 ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურის პროტეზირება.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობის
საფუძველზე კი 2015 წელს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარდა 24 უკრაინელ სამხედროს. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გრძელდება ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება.

სოციალური პროგრამების ეფექტურად განხორციელების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში შეიქმნა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ დახმარებას.

“დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდნენ, სადაც ანალოგიური დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ორი ძალიან სერიოზული, ახალი შემოთავაზება ჩამოიტანეს ფინანსური დახმარების კუთხით. ეს თემა არ შეიძლება იყოს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი უცხოელი მეგობრების ზრუნვის საგანი. ვეძებთ 178 ბიზნესმენს, რომლებიც მზად იქნებიან, დააფინანსონ ამ ოჯახების სხვადასხვა სოციალური საჭიროებები. ჩვენ სრული მონაცემები გვაქვს, სრული ინფორმაცია შეგვიძლია მივაწოდოთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ჩვენ მათ ვთავაზობთ დახმარებას, რომ ჰყავდეთ სამსახურში ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული თავდადებითა და სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამოირჩევიან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიჯაგირაშვილი: რ2 ჟურნალისტები არ დაიჩაგრებიან არც გვარამია დარჩება უმუშევარი (ვიდეო)
შემდეგი სტატია“დიპლომატთა კლუბი” “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო უაღრესად შეშფოთებულია