სამხედრო ლიცეუმის მსმენელები იუნკერთა მემორიალიდან მსვლელობას მოაწყობენ

ხვალ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან არსებული იუნკერთა მემორიალიდან 1921 წლის თებერვლის დროინდელ სანგრების მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორამციით, მსვლელობაში კადეტებთან ერთად მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე მიიღებენ.

მსვლელობისას, ისტორიკოსი, თავდაცვის სამინისტროს სტიპენდიანტი, დიმიტრი სილაქაძე წაიკითხავს ლექციას 1921 წლის თებერვალში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, ადგილზე კადეტებს მოწინააღმდეგეთა პოზიციებს აჩვენებს და ერთ-ერთ სანგარს დაათვალიერებინებს, რომელიც დღესაც შემორჩენილია.

ღონისძიება მიზნად ისახავს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო-ისტორიული ცნობიერების ამაღლებას, რაც მათში, 1921 წლის თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომის ცოდნას გააღრმავებს, რაც მათ საშუალებას მისცემს თვითონ შეძლონ მოვლენათა სამხედრო-პოლიტიკური შეფასება. თავდაცვის სამინისტრო მიზნად ისახავს მომავალ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს სამხედრო განათლების ყველაზე დაბალი საფეხურიდანვე გაუღრმავოს ქვეყნის წარსულის ცოდნა და განუვითაროს მომავლის ხედვა.

ხვალვე სერჟანტთა სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე კადეტებისთვის სერჟანტთა სკოლის შესახებ პრეზენტაციას ჩაატარებს.

banner
წინა სტატიაშიხმაური შსს-სთან-აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა
შემდეგი სტატიამარტვილში ბუნების ძეგლზე ვიზიტორთა ცენტრი შენდება