სამხარაძე: ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს

უკრაინის ხელისუფლებაში არიან გარკვეული ადამიანები, ვინც საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებენ. ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დავით არახამიას ინტერესი აქვს, დააზიანოს ქართული ხელისუფლება და სახელმწიფო.

დავით არახამიას ფსევდოპატრიოტობასთან დაკავშირებით განცხადება არაერთხელ გვაქვს გაკეთებული, ასევე მის დაუსაბუთებელ განცხადებებზე. გუშინწინ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის განცხადება გავრცელდა, რომელიც აღშფოთებული იყო იმით, რომ თურმე დასავლეთში უკრაინას დააბრალეს სხვა ქვეყნებში იარაღის გაყიდვა ისე, რომ მტკიცებულებები არ იყო. ქართული ანდაზა ხომ იცით – სხვას ორმოს ნუ უთხრი, თორემ, თავად ჩავარდებიო. ეს ანდაზა ზუსტად მათ მიესადაგებათ. ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველანაირი დასაბუთებისა და მტკიცებულების გარეშე ამბობდნენ, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაგრამ ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს და ცდილობდნენ, საქართველოს იმიჯი მიზანმიმართულად დაეზიანებინათ, თუმცა ახლა იმის გამო აღშფოთდნენ, რომ თურმე რაღაც ფაქტები გაჩნდა ალბანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში იარაღის გაყიდვაზე, რაც არის ორმაგი სტანდარტი.

უკრაინის ხელისუფლებაში არიან გარკვეული ადამიანები, ვინც საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებენ. ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს. დავით არახამიას ინტერესი აქვს, დააზიანოს ქართული ხელისუფლება და სახელმწიფო, მაგრამ ეს ინტერესი ვისგან მოდის, არ ვიცი და შეიძლება, ბევრი სპეკულაცია იყოს – ეს არის „ნაციონალური მოძრაობისგან“, რუსეთისგან თუ სხვა დაინტერესებული ძალებისგან. ამის განხილვაში ვერ შევალ, თუმცა ფაქტია, რომ კვირა არ გავა ისე, ამ ადამიანმა საქართველო მიზანმიმართულად არ დააზიანოს. არ ვიცი, ეს ყველაფერი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს თუ რუსეთისას, რადგან სხვა ქვეყანა არ ვიცი, რომელსაც მოცემულ მომენტში საქართველოს იმიჯის დაზიანება უნდა. ძალიან კარგად ვიცით მისი ახლო კავშირების შესახებ მიხეილ სააკაშვილთან. ეს ახალი არ არის. მისი პარტიის წევრიც იყო უკრაინაში. რა თქმა უნდა, შიდა ფაქტორი სახეზეა და შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ არახამიას განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაა. ამის მიღმა რა კავშირები შეიძლება, ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან, ეს არის დიდი ეჭვის საგანი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც“.

მან ასევე აღნიშნა: „მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე, თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით, ჩემთვის სულერთია, რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია, პრორუსი არ იყოს“.

banner
წინა სტატიაშიირანმა რუსეთს „შაჰედ 129“-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა
შემდეგი სტატიაWizz Air ოქტომბერში ფრენებს თბილისის აეროპორტიდან შეასრულებს