სამხარაძე – საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მყარი გარანტიები მივიღეთ, რომ არც ერთი ქვეყანა არ გადაუხვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პრინციპს

„საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ჩვენ მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ არც ერთი ქვეყანა არ გადაუხვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პრინციპს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობაზე კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრები გაიმართა ოცამდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო დელეგაციასთან, სადაც საუბარი ძირითადად შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

„მათ გავაცანით ის კონტექსტი, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ვთხოვდით დახმარებას, რომ ჩვენი არაღიარების პოლიტიკა იყოს განგრძობადი და წარმატებული. ჩვენი შეხვედრების გეოგრაფია იყო მასშტაბური. ჩვენ შევხვდეთ ხუთი კონტინენტის წარმომადგენლებს და ძირითადი აქცენტი, ამჯერად, გაკეთებული იყო აფრიკაზე და ოკეანეთის ქვეყნებზე, რომლებიც რისკის შემცველი რეგიონები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობდა იქ, რათა დაეყოლიებინა ქვეყნები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამ მხრივ, ეს შეხვედრები იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ჩვენი რეზოლუციების მხარდაჭერა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

„წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი – ასზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას და მნიშვნელოვანია, რომ ეს რიცხვი მუდმივად იზრდებოდეს. სწორედ, ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი მათ შორის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჯერჯერობით თავს იკავებენ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებიდან.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეხვედრები შედეგს გამოიღებს და მომავალ წელს, როდესაც კიდევ ერთხელ გავა ეს რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა დაგვიჭერს მხარს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – ჩვენ არც ერთ ორგანიზაციას, იმის გამო, რომ იქ რუსეთია, არათუ დავტოვებთ, არამედ შევეცდებით, რომ ყველა ფორმატი გამოვიყენოთ საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის
შემდეგი სტატიაჰერჩინსკი – ვმუშაობთ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ მედია და ინფორმაციულ წიგნიერებას საქართველოში