სამხარაძე პომპეოს ვიზიტისას აქციის ჩატარებაზე: საღი აზრი გაიმარჯვებს

იმედი მაქვს, მოიმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ პომპეოს ვიზიტისას აქციის ჩატარებას და საღი აზრი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება, ქვეყნისა და რეგიონისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საპროტესტო აქციებით დახვდე.

„პომპეოს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენს რეგიონში ვითარება საკმაოდ გართულებულია და თუ დააკვირდებით იმ ქვეყნებს, სადაც ჩადის პომპეო ამ ტურნეს განმავლობაში, ეს არის აშშ-ის ყველაზე ძლიერი მოკავშირეები. ამ ჩამონათვალში საქართველოს მოხვედრა არის ძალიან ნიშანდობლივი. ეს არის კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ აშშ-ისგან. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველო აშშ-ის სანდო და ძლიერი პარტნიორია ამ რეგიონში. ამასთან, როგორც წესი, მაღალი თანამდებობის პირები საარჩევნო პერიოდში ქვეყნებში ვიზიტებით არ ჩადიან და ჩვენ აქ ვართ საარჩევნო პროცესში, პირველი ტური დასრულდა, წინ გვაქვს მეორე ტური. აქედან გამომდინარე, ეს არის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი სიგნალი აშშ-ისგან, რომ საქართველო არის მათი პარტნიორი. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ აქციებს მოაწყობენ, არ ვიცი ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მათი გადასაწყვეტია.

ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებაში ნამდვილად არ ჯდება ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოუწყო აქციები. თან რას აპროტესტებენ გასაკვირია იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, სადამკვირვებლო მისიამ, მათ შორის, თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტმაც განაცხადა, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს იყო სამართლიანი, თავისუფალი და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული.

ვიცი, რომ ოპოზიციაში აზრები გაიყო და იმედი მაქვს, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ამ აქციის ჩატარებას, საბოლოო ჯამში, მოიმატებს და საღი აზრი გაიმარჯვებს. არ შეიძლება, ქვეყნისა და რეგიონისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საპროტესტო აქციებით დახვდე. მე მგონი, ეს ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე პარტიების დაფინანსებაზე ბრალდებებს პასუხობს: მაშინ არჩევნებთან დაკავშირებულ პრივილეგიებსაც არ უნდა იღებდნენ
შემდეგი სტატიაკობახიძე – წინასწარ ვსაუბრობდით, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად დაიდგმებოდა გარკვეული სურათი