სამხარაძე: ოპოზიცია მიზანმიმართულად ქმნის სურათს, რომ ნიკა მელია ციხეში წავიდეს

ჩვენთვის წითელი ხაზები არ შეცვლილა და ვადამდელი არჩევნები მიუღებელია, რადგან ამისი წინაპირობა არ არსებობს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„შესაბამისად, წითელი ხაზი წითელ ხაზად რჩება“, – განაცხადა სამხარაძემ.

შეკითხვაზე, როგორ აპირებს შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას მმართველი გუნდი და არის თუ არა ევროკავშირის, აშშ-ის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი გზავნილები ყურადსაღები „ქართული ოცნებისთვის“, სადაც ისინი სასამართლოსა და პროკურატურაში არსებულ ხარვეზებზე პირდაპირ მიუთითებენ, სამხარაძემ აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, ქვეყნის პარტნიორთა გზავნილები ყურადსაღებია, მაგრამ კრიზისს რაც შეეხება, ის პარლამენტში ოპოზიციის ერთი ნაწილის არშესვლამ შექმნა, რასაც ოპონენტები მოგონილი არგუმენტებით ამართლებენ და შესაბამისად, კრიზისიდან გამოსავალი ოპოზიციის პარლამენტში შესვლაა.

„შესაბამისად, ყველაფერი დაწყნარდება, დამშვიდდება და ქვეყანა ნორმალურ განვითარებას გააგრძელებს. რაც შეეხება ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთა დღევანდელ გზავნილებს, რა თქმა უნდა, ეს ყურადსაღებია. ზოგადად, სასამართლო რეფორმაზე საუბარი მარტო დღეს არ ყოფილა. ეს სხვადასხვა გზავნილებში გვესმის და სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე ხშირად, პირად შეხვედრებშიც აღნიშნავენ, მაგრამ ჩვენ რეფორმის ოთხი ტალღა უკვე გაკეთებული გვაქვს და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა სამხარაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გრძნობს თუ არა „ქართული ოცნება“, რომ ბოლო დროს, საერთაშორისო საზოგადოების გზავნილების ტონი უფრო მწვავე გახდა, სამხარაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის და ევროკავშირის განცხადებებში მოწოდება არის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მისამართით, რომ მხარეები დასხდნენ და გამოსავალი ერთად იპოვონ.

„ჩვენ მოლაპარაკებებზე უარი არასდროს გვითქვამს, ყოველთვის მზად ვიყავით და რაუნდებზე დავდიოდით. მეხუთე რაუნდი იმიტომ არ შედგა, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ფანჩატურში იკრიბება ხოლმე, ჩვენი არც ერთი შეთავაზება ყურად არ იღო. შესაბამისად, ამ შეთავაზებების არმიღებამ აზრი დაუკარგა მოლაპარაკებებს, მაგრამ თუ ისინი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არიან, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ. ოღონდ, არ უნდა დააყენონ ისეთი უაზრო მოთხოვნები, როგორიც არის ვადამდელი არჩევნები, თუ არ დაამტკიცებენ, რომ ამ არჩევნებისთვის წინაპირობა არსებობს. ეს წინაპირობა არის ერთადერთი რამ – მათ უნდა დაამტკიცონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი ამას ვერ ამტკიცებენ, უკვე ოთხი თვეა წვალობენ და ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოუდგინეს ვერც ქართულ და ვერც საერთაშორისო საზოგადოებას“, – განაცხადა სამხარაძემ.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია მიზანმიმართულად ქმნის სურათს, რომ ნიკა მელია ციხეში წავიდეს.

„მათ იციან, რომ პატიმრობა ერთადერთი დარჩენილი სამართლებრივი გამოსავალია და იმედი აქვთ, ამ დაპატიმრებით შექმნიან სურათს, თითქოს, ეს პოლიტიკური დევნაა და ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია. შემდეგ ამ პოლიტიკურ პატიმარს მიჰყიდიან დასავლეთს, რომ „ქართული ოცნება“ ასეთი ურჩხულია, რომელიც უდანაშაულო ხალხს დასდევს და იჭერს. მათ იმედი აქვთ, რომ ამით შემდეგ, დასავლეთიდან ზეწოლა იქნება, რომ გამოსავლად ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ეს არის მათი უკანასკნელი იმედი, რომელსაც ებღაუჭებიან და არის მთელი სცენარი, რომელიც გაშიფრულია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგრეგორი მიკსი და მაიკლ მაკქოლი – მოვუწოდებთ, პოლიტიკურ მხარეებს ნიკა მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში
შემდეგი სტატიაჟიგიმანტას პავილიონისი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ნიკა მელიასთან შესახვედრად მივიდა