სამხარაძე: ევროკავშირი იქნება მჭიდრო პარტნიორი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის კომუნიკეში მნიშვნელოვანი გზავნილებია. საკითხზე საუბრისას ნიკოლოზ სამხარაძემ კონკრეტულად სამ გზავნილზე გაამახვილა ყურადღება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის კომუნიკეში რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილია. პირველი – ასოცირებული ტრიოს მისწრაფებები უკვე მნიშვნელოვნად აღიარებულია. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა აღიარებული არიან, როგორც ქვეყნები, რომლებმაც უკვე ძალიან ბევრი გააკეთეს, რათა ევროკავშირს დაახლოებოდნენ.

მეორე გზავნილი ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გამოყოფს ამ რეგიონის ევროპასთან დასაახლოებლად 2,3 მილიარდ ევროს, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 17 მილიარდ ევრომდე დამატებითი სახსრების მობილიზაციით. ეს ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ენერგოდამოუკიდებლობაში, ციფრულ დამოუკიდებლობასა და ინფრასტრუქტურის ევროპასთან დაახლოებაში, რომელიც ხელშესახები შედეგი იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.

მესამე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას ჩვენს სამეზობლოში. ასევე, ევროკავშირი იქნება ძალიან მჭიდრო პარტნიორი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში და ეს თავისთავად დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ვისურვებდი, ამ კომუნიკეში უფრო მეტი ეწეროს ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. სამწუხაროდ, აქ არ არის ნახსენები რუსეთის ოკუპაცია, არც ცხინვალის, აფხაზეთის რეგიონის და არც ყირიმის, არც დნესტისპირეთის, თუმცა გასაგებია, რომ ამ დეკლარაციას ბევრი ქვეყანა აწერდა ხელს და ალბათ რაღაც საერთო პოზიცია უნდა შეჯერებულიყო. თუმცა მაინც მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი აქ კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის დაფიქსირებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან ნატო-სგან გუშინ მიღებული გზავნილებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველომ იენს სტოლტენბერგისგან მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო, რომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, აირჩიოს, რომელ ალიანსს შეუერთდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ ნატო-მ უკან წაიღოს საქართველოს და უკრაინის წევრობის დაპირება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო ამ შანტაჟს არ დაექვემდებარება. გზავნილი იყო ძალიან მკაფიო, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს აქვს უფლება, აირჩიოს, რომელ ალიანსს შეუერთდება. აქედან გამომდინარე, ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა 2008 წელს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ისევ რეალისტურია და ეს ჩანაწერი არასოდეს არ გაქრება. ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც სტოლტენბერგმა გააკეთა რუსეთის მიმართ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაზემ.

banner
წინა სტატიაში“გადადგომას არ ვაპირებ”
შემდეგი სტატია“თუ შეცდომას არ დაერქვა შეცდომა და ამის მკაფიოდ სახელდება არ მოხდა, ისე ნებისმიერი შერიგების პროცესი იქნება უსამართლო”