სამხარაძე – ბიძინა ივანიშვილის მიერ წერილის გამოქვეყნება მნიშვნელოვანია, რათა ყველანაირ სპეკულაციას წერტილი დაესვას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი განცხადებით პასუხი გასცა სპეკულაციებს მის პოლიტიკურ პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით.

ამასთან, სამხარაძე ამბობს, რომ მისთვის გიორგი გახარიას გადადგომის მიზეზი თავიდანვე გაუგებარი და მიუღებელი იყო.

„თებერვალში, როდესაც გიორგი გახარია გადადგა, ჟურნალისტებმა მკითხეს აზრი და ვთქვი, რომ ჩემთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი იყო ის მიზეზი, რის გამოც გადადგა. ეს იყო თავისი გუნდისთვის ზურგში ლახვარის ჩაცემა. დღეს ბიძინა ივანიშვილის წერილში ზუსტად იგივე პათოსია.

„წერილი გამომდინარეობს იქიდან, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი და გახარიას გუნდის წევრებიც ამბობდნენ რეგიონულ შეხვედრებზე, რომ ეს „ქართული ოცნების“ პროექტია. იმისთვის, რომ საზოგადოებაში აღარანაირი ეჭვი აღარ არსებობდეს, ეს „ქართული ოცნების“ პროექტია თუ რაიმე სხვა, მნიშვნელოვანი იყო თავად ბიძინა ივანიშვილისგან ამ წერილის გამოქვეყნება, რათა ყველანაირ სპეკულაციას წერტილი დაესვას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას, საკითხზე საუბრისას სამხარაძემ აღნიშნა, რომ ეს წინასაარჩევნოდ ტაქტიკური გზავნილია.

„ეს წინასაარჩევნოდ ტაქტიკური გზავნილია. ვერანაირ ქვეტექსტს ვერ ვხედავ. გახარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. შესაბამისად, მას სჭირდება ახლა მობილიზება, რათა გარკვეული მინიმალური შედეგი მაინც დადოს ამ არჩევნებზე. აქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი“, – აღნიშნა სამხარაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიაშშ-ს წამლების სააგენტომ ჭარბწონიანებისთვის გასახდომი წამალი დაამტკიცა
შემდეგი სტატიაარასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილს ასახელებს