სამინისტრო – ქართული მხარე გამოიყენებს ყველა ბერკეტს ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების დასაცავად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს.

გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან და აქედან გამომდინარე, ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით.

ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად“

წინა სტატიაშიგამყრელიძე – აშშ-მ გრიპის და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ერთ დღეს დაუშვა
შემდეგი სტატიაUNICEF ქვეყნებს სკოლების რაც შეიძლება მალე გახსნისკენ მოუწოდებს