სამინისტრო – აჭარის სოფლებში covid 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი ფართოვდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლებში covid 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი ფართოვდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდის მიზნით, აცრების ადმინისტრირების პროცესში სოფლის ექიმები ჩაერთვებიან და ვაქცინაციას სოფლის ამბულატორიებში ჩაატარებენ.

მათი განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებთან მოშორებულ სოფლებში ვაქცინაცია გაგრძელდება გამსვლელი ბრიგადების საშუალებით. გამსვლელი ბრიგადების მორიგი ვაქცინაცია ჩატარდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების – რიყეთისა და დიოკნისის საექიმო ამბულატორიებში.

სოფლად იმუნიზაციის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაეცნო.

„ჩვენს რეგიონში ყოველდღიურად ფართოვდება იმუნიზაციის პროცესი. გასვლითი ბრიგადები ორი კვირის განმავლობაში აქტიურად მოძრაობენ მთელს რეგიონში, მუნიციპალიტეტებში. სულ 17-მდე სოფელში 500-ზე მეტი ვაქცინაა ადმინისტრირებული, თუმცა ეს ტემპი არ არის საკმარისი და მიზნად გვაქვს თიოეული სოფლის ამბულატორიის ვაქცინაციაში ჩართვა. პროცესი უკვე დაწყებულია, 60-ვე უბანი შეუერთდება იმუნიზაციის პროცესს და პრაქტიკულად მთელი მუნიციპალიტეტები, სოფლების ჩათვლით, უნდა აიცრას სოფლის ექიმის ოპერირების შედეგად.

ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას უფრო მეტი აქტიურობისაკენ. ვალდებულები ვართ შემოდგომის სეზონს დაბალი რისკებით შევხვდეთ, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას ისარგებლოთ შესაძლებლობით, მიმართოთ სოფლის ამბულატორიას და ჩაიტაროთ ვაქცინაცია“ – აღნიშნა მინისტრმა.

ნინო ნიჟარაძე ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებსაც დაესწრო, რომელიც covid 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ აჭარის რეგიონში პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, საშუალო სამედიცინო რგოლის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან იმართება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ,,აჭარაში, ნაწილი სოფლის ამბულატორიები უკვე ჩართულია Covid 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში და ძალიან მალე, მუნიციპალიტეტებში ყველა სამედიცინო საექიმო უბანი შეუერთდება. დღეს აჭარის სოფლებში ჩვეულებრივად ხდება ადმინისტრირება, როგორც ფაიზერის, ასევე ჩინური ვაქცინების. მომდევნო პერიოდში სოფლის ექიმები დაიწყებენ ჩინური ვაქცინაცინების ადმინისტრირებას. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს, თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეეძლება ეწვიოს საექიმო ამბულატორიას და აიცრას“.

შეხვედრების მიზანია აჭარის რეგიონებში ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა , ვაქცინაციის მიმღებლობის გაზრდა საინფორმაციო/საგანმანათლებლო სემინარების და ორგანიზებული ვაქცინაციის კამპანიის განხორციელებით.

აჭარის ა/რ მასშტაბით, ამ დროისთვის სულ – 172 693 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული, მათ შორის ორი დოზა – 66 550, რაც პროცენტულად ერთი დოზით მოზრდილი მოსახლეობის 39.2 % -ს, ხოლო ორი დოზით 24.6 %-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – ეს კლეპტოკრატიული რეჟიმი რუსული წახნაგებით აუცილებლად უნდა დავამარცხოთ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე