სამი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

news
ავტ.: news აგვისტო 17, 2016 16:55

სამი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა: ორი ნოტარიუსი − სამსახურებრივი გულგრილობის, ხოლო ერთი − სამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეებზე ნოტარიუსების მიერ სამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიების ინფორმაციით, ნოტარიუსებმა, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შედეგად დაამოწმეს და გასცეს სანოტარო აქტები უძრავი ქონებების განკარგვის თაობაზე არასწორი მონაცემებით ისე, რომ სათანადოდ არ დაადგინეს სანოტარო აქტის მონაწილე პირთა უფლებამოსილება. ზემოაღნიშნული ქმედებებით უძრავი ქონების მესაკუთრეებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ამასთან, ერთ-ერთმა ნოტარიუსმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ მის მიერ სანოტარო აქტის გაცემისას მოქალაქეს ჩადენილი ჰქონდა მძიმე დანაშაული − ყალბი სანოტარო აქტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება, ზემოაღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს.

news
ავტ.: news აგვისტო 17, 2016 16:55