ჩხოროწყუში სასაკლაოს გვერდის ავლით საქონლის დაკვლის ფაქტი გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შსს-ს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს სამმართველოსა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი გამოავლინეს.
ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ცხოველის ხორცი შეიცავს მაღალ რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება (აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ გაიარა დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება და დაიკლა ვეტერინარის ზედამხედველობით). მომხმარებელს აქვს უფლება, სარეალიზაციო ობიექტში მოითხოვოს ვეტერინარული შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი – ფორმა 2.

















