სამეგრელოში ლევან ქარდავას ბანერი და ბურჭულაძის პარტიის დროშა მოიპარეს

14409082_1113906945312650_1866457402_n

ქალაქ ჯვარიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ქარდავას ბანერი მოიპარეს – ამის შესახებ ინფორმაცია “თაიმერს” პარტიის ოფისში დაუდასტურეს.
„ბანერი ჯონი შელიას ავტოფარეხზე იყო გაკრული. ეს ავტოფარეხი ზედ გზის პირასაა. ბანერი ხუთშაბათს, დაახლოებით 17 საათზე ჩამოკიდეს. დღეს კი, იგი გაქრა. ქურდობა, სავარაუდოდ, 13-დან 15 საათამდე შუალედში მოხდა”- განუცხადეს “თაიმერის” კორესპონდენტს პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში.
ამის გარდა, როგორც „თაიმერს“ აცნობეს, ქალაქ ჯვარში ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. ამჯერად საუბარია პაატა ბურჭულაძის პარტიის დროშაზე. როგორც თაიმერს უთხრეს, გუშინ, საღამოს, პარტიული დროშა, რომელიც ბურჭულაძის პარტიის ადგილობრივი ოფისის წინ ფრიალებდა, უცნობებმა მოიპარეს.
ერთი სიტყვით, წინასაარჩევნოდ ისეთი კურიოზული ამბები ხდება, რომ მალე შეიძლება ამომრჩევლების მოპარვაც დაიწყონ.
სხვათა შორის, საარჩევნო-სააგიტაციო მასალის მოპარვა კანონით ისჯება.
საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლში პირდაპირ წერია: ,,დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.“
მოკლედ, ფრთხილად ამომრჩევლებო, თორემ ერთ საღამოს ან დილით შეიძლება, თქვენც მოგიპარონ და 8 ოქტომბერს ხმა „ქურდებმა“ თავის სასურველ კანდიდატს და პარტიას მიგაცემინონ!

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: წვერ-ულვაშის მოშვება საქმეს რომ შველოდეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა
შემდეგი სტატიარუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია