სამეგრელოს პასტორალი – უიმედო და ყალბი „ოცნება“

გახსოვთ ილია, სამეგრელოში რომ ჩავიდა და დიდი საქართველო ნახა? კარგია – სადღეგრძელოებისთვის გამოდგება და სამეგრელოს მხარის დღევანდელი მაღალი ნომენკლატურისთვის ყელის მოსაღერებლად. სხვა ამ სიტყვებს შინაარსობრივად არაფერი აკავშირებს დღევანდელ სამეგრელოსთან.

განსაკუთრებული ფორიაქი მიპყრობს მშობლიურ მხარეში ყოველი ჩასვლისას და წლებია, დიდი სინანულითა და იმედგაცრუებით ვბრუნდები უკან.

„სენაკი პირველი ევროპული ქალაქი იყო, რომელიც ვნახე“, – ბრძანებს თანამედროვე ქართველი პოეტი შოთა იათაშვილი ერთ-ერთ ბლოგში. მე მახსოვს ის სენაკი, ისევე, როგორც მახსოვს ბობოქარი და საქმიანი ზუგდიდი, მშვიდი ხობი, მეგრული პეწით გამორჩეული ჩხოროწყუ და წალენჯიხა, ინტელექტუალური მარტვილი და ასევე ევროპული აბაშა. მახოვს, როგორ ჩქეფდა სიცოცხლე ნიკო ნიკოლაძის თავშეწირულ ფოთში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მართლაც რომ ფანჯარა იყო ცივილიზებულ სამყაროში.

დამიჯერეთ, ნამდვილად არ განვეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომელთაც აწმყოს გააზრება უჭირთ და რეალური გამოწვევების წინაშე შეუძლიათ ჩაიმუხლონ და დანებდნენ. ალბათ სწორედ ამიტომაც ყოველი ვიზიტი მშობლიურ კუთხეში ჩემთვის, უპირველესად, იმედია. იმედი იმისა, რომ სამეგრელოში რაღაც შეიცვალა, მაგრამ…

არასოდეს, არც ერთ ეპოქაში, სამეგრელოს არ ჰყოლია ისეთი უნიათო და არაფრისმაქნისი მმართველები რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, როგორც ამჟამად. არასოდეს, არც ერთ ეპოქაში, თვით მაშინაც კი, როდესაც ადამიანები ერთმანეთს შვილებს ჰპარავდნენ და მათ სტამბულის ბაზარზე ჰყიდდნენ, სამეგრელოს მოსახლეობა არ ყოფილა ისე დაბეჩავებული, დადებით ემოციებს მოკლებული, გაუღიმარი, როგორც ახლა. არასოდეს არც ერთ ეპოქაში ასეთი იუმედო და პერსპექტივას მოკლებული არ ყოფილა სამეგრელოს მოსახლეობა. არასოდეს, არც ერთ ეპოქაში, ასე ფეხებზე არ დაუკიდებია საკუთარი ინტერესების სანაცვლოდ არც ერთ მმართველს ქვეშემდრომი თუ მოქალაქე, როგორც ახლა. არასოდეს, არც ერთ ეპოქაში, ასე არ უზეიმია სამეგრელოში უნიჭობას, გაუნათლებლობას, მტაცებლობას და სიხარბეს, როგორც ახლა.

ჩემს თვალწინ ჩაიარა თანამედროვე საქართველოს თავს გადამხდარმა კატაკლიზმებმა. მახსოვს, ლამის, ინსომია რომ სჭირდა მთელ სამეგრელოს, და ამის მიუხედავად, თვალს გამოეპარებოდა ხოლმე წუთი თუ წამი, როდესაც ქალაქები, სოფლები ხელიდან ხელში გადადიოდა. იცით, რას ნიშნავს უმწეობა? ვინც არ იცის, ნურც განაცდევინოს ბედმა. მაგრამ ჩვენ, ამ კუთხის შვილებს, პოლიტიკური სიპათიების მიუხედავად, არაერთხელ განგვიცდია ეს მდგომარეობა. მხოლოდ ერთი პასაჟი: თვითმფრინავიდან ან ქვემეხიდან რომ გბომბავენ და ერთადერთი ინსტინქტი გერთვება – შენი სხეული გადააფარო შვილებს. მერე გარბიხარ სადღაც, რომ დამალო ბავშვები და გახსენდება – დედა დაგრჩა დაუცველი. უკან გამორბიხარ და ხედავ, რომ დედასა და მეზობელ ქალს მეორე მსოფლიო ომში ფეხდაკარგული მეზობელი მოჰყავთ თავშესაფარში. ახლა ამ დამსახურებულ კაცს შეუდგები მხარში და ასე გრძელდება დაბომბვის დასრულებამდე. იცით, რას ნიშნავს, იდგე პურის რიგში ღამის პირველი საათიდან, როცა იცი, რომ პურს, თუ ამ „საზიზღრობას“ პური ჰქვია, დილის 8-9 საათზე მოიტანენ ან არ მოიტანენ და როცა „ნაომარსა და ნაბრძოლს“ ორი პური შეგხვდება, ერთს სხვას მისცემ, რომლის სახის აღდგენაც კი გიჭირს რამდენიმე წუთში. აღარ გავაგრძელებ, არავის დავთრგუნავ, რადგან ასე მხოლოდ მე არ ვყოფილვარ – ბევრნი ვიყავით.

ჰო, სამეგრელოში ჩასული სულ რაღაცას ვეძებ, თითქოს ნატვრისთვალს, რომელიც დიდი ხნის წინათ დავკარგე და როცა გავიაზრე, რა იყო ეს ნატვრისთვალი, კიდევ უფრო დამწყდა გული…

მახსოვს, ცენტრალურ პარკში თავშეყრილი ახალგაზრდები როგორ გავისუსებოდით და ფეხზე წამოვდგებოდით ჩვენზე უფროსი სენაკელების ჩავლა-ჩამოვლისას. ისე, ამ დაჯდომა-ადგომას რაღა აზრი ჰქონდა, ვერ ვხვდები, მაინც სულ ფეხზე დგომა გვიწევდა… თუმცა ეს რაღაც მისტერიაც იყო, ჩამვლელ-ჩამომვლელთა უმეტესობა მზერას მოგვაპყრობდა და თავსაც დაგვიქნევდა. რაიონის პროკურორი და მერე მოსამართლე ომარ კუჭავა კი აუცილებლად შეყოვნდებოდა და ბუბუნა ხმით მოგვმართავდა: „გამარჯობათ, კეთილო ხალხო, მშვიდობა გაქვთ?“ ჩვენ ჩუმად მივუგებდით: „დიახ“ ის გზას გააგრძელებდა. მაგრამ ჰოი, საოცრებავ, ეს კაცი საღამოს საჭადაკო კლუბში ხან გრამიტონას („პრარაბს“), ხან გურამს (სამმართველოს უფროსს), ხან ხვიჩას (10 წლის ღლაპს), ხან შოთას (სპორტის მხცოვან მოამაგეს), ხანაც გივის (ურიკის დამტარებელს) ეჯდა საათობით და მორიგ პარტიას ეთამაშებოდა. ანუ ეს ჩემი პატარა სენაკი – ნამდვილი ურთიერთობა იყო. ისევე როგორც სამეგრელო.

მახსოვს, სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, ჩხოროწყუში წამიყვანეს უფროსმა მეგობრებმა. აღარ მოვყვები თავზე გადაყოლის პერიპეტიებს, მხოლოდ ერთ დეტალს გავიხსენებ: მაშინ შემოვიდა პოლიტიკა ასე ძალუმად ჩემში. მორიგი ხუმრობისას ერთი ჩხოროწყუელი თანამესუფრე ამბობს, – ლენინი ჩემსიმაღლე იყოო. თამადა ფეხზე წამოდგა, – იყუჩეთო, – გვითხრა და ამ ბაქიას შემდეგი სიტყვებით მიმართა, – მე იმ პარტიის დედა ვატირე, მოლოტოვი პარტიიდან რომ გარიცხა და შენ მიგიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ლენინის სიმაღლე ხარო. ესეც პარტიული და პოლიტიკური პირუთვნელობის მაგალითად.

იდეალისტებს ბევრი რამ გვაკლია ხოლმე, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ მხოლოდ ვისხდეთ და ვოცნებობდეთ. 1997 წელს გაუბედურებული და გაპარტახებული სენაკი ევროპის ყურადღების ცენტრად ვაქციეთ. რით უნდა გვეშველა გავერანებული, მინების ნაცვლად ფანერებითა და „ჟეშტით“ ამოგმანული შენობებისთვის? და მივიღეთ გადაწყვეტილება – სხვადასხვა ქვეყნიდან დაძმობილებული ქალაქების მერები და ხელმძღვანელები ჩამოგვეყვანა. ფეხდაფეხ დავიარეთ ყველა კუთხე-კუნჭული, შევხვდით თანამოქალაქეებს და სულ რაღაც სამ თვეში ქალაქის ცენტრალური ნაწილი გაცოცხლდა. ამით იმას ვამბობ, რომ სწორი იდეა განსაზღვრავს შედეგს. სად იყო მიშა, ჩვენ რომ შენობების ფასადების მოწესრიგება დავიწყეთ. სად იყვნენ კრეატიული ტიპები, როდესაც თეტარი თუ სტადიონი გადაჭედილი იყო და თან არა ერთი დღე, არამედ კვირებისა და თვეების განმავლობაში.

გასულ კვირას სენაკის ცენტრში შეკრებილმა რამდენიმე ადამიანმა გამაჩერა და ურთიერთმოკითხვის შემდეგ ასეთი ფრაზა მოვისმინე: – ვინმე ფიქრობს თბილისში სამეგრელოზე?

მუდამ მახევებს ხოლმე ასეთი აზროვნება – როდესაც სხვამ უნდა იფიქროს ჩვენზე და ჩვენს კეთილდღეობაზე. და მეც პირუთვნელად მივუგე:
– თქვენ ფიქრობთ სამეგრელოზე? რას აკეთებთ, რას ითმენთ ან რატომ ითმენთ? და თუ ცუდად აკეთებთ, შედეგიც ცუდი გაქვთ, თუ ითმენთ, მაშინ რატომ წუწუნებთ? ამ საუბრის დეტალებზე არ შევჩერდები და მთავარ სათქმელს ვიტყვი.

დღეს სამეგრელოს მოსახლეობის ერთადერთი იმედი ანაკლიაა. ვიცი, რომ ეს დიდად ცრუ იმედია ბევრი და უმთავრესი მიზეზის გამო – ყველა ვერ დასაქმდება ანაკლიაში, თუნდაც შესაბამისი კვალიფიკაციის არქონის გამო და ამაზე არავინ ზრუნავს.

წლების განმავლობაში მქონდა პოზიცია, რომ სამეგრელოსა და იქ მიმდინარე პროცესებზე არაფერი მეთქვა, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. რეალურად, ადგილობრივ ხელისუფლებებთან დაახლოებული ყველა ჩემი მოკეთე და ახლობელი გაფრთხილებული მყავს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჩემთან არავინ მოვიდეს და გარიგება-გაჩუმება არ შემომთავაზოს. არც გუბერნატორი მადარდებს და არც მერები (რომელთა შორის ნაცნობებიც საკმაოდ მყავს) და მით უფრო, საკრებულოს თავმჯდომარეები. საკმაოდ ბევრი მასალა დაგროვდა მათი მხილებისთვის, მათი კორუფციული გარიგებების გამოსამზეურებლად, მათი სიხარბის დემონსტრირებისთვის და მათ დასაცინადაც კი.

დღეს სამეგრელოს პასტორალი ძალიან მარტივია – შონია და მისი რაზმი (მეუღლე შონია მყავს და იმედია, მასზე არ იფიქრებს ვინმე). ამიტომ ეს რაზმი უნდა დაიშალოს და სამეგრელოს ნამდვილმა პატრიოტმა და კუთხეზე უსაზღვროდ შეყვარებულმა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა უხელმძღვანელოს, რომელსაც მადაც ნაკლები ექნება და არც საქმესა და გარჯას დაიზარებს.

სამეგრელოში ფუჭი და ყალბი ოცნებების დრო უნდა დასრულდეს, უნდა დასრულდეს, თუნდაც, უიმედო და ყალბი „ოცნება“, იმიტომ რომ მართლაც სიამაყით და არა სიტყვის მასალად წარმოვთქვათ სიტყვები, რომელიც ლამის საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ბრძანა ილიამ: „სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო!“

სამეგრელოში შიში და სუსის მმართველობაც უნდა დასრულდეს, რომელსაც დაბეჩავებული და „დავერბოვკებული“ ჰყავს ყოველი მეორე მოსახლე.

სამეგრელოში გვანჯი დადიანისა და მისი თანამოაზრეების ღირსების ადამიანების დრო უნდა დაბრუნდეს და ამას ვერც ღარიბაშვილ-კვირიკაშვილის პროტეჟე „შონია და მისი რაზმი“ და ვერც სუსი და მისი აგენტები შეაფერხებენ.

და თუ ვერ მიხვდება რომელიმე პატრმუშაკი ამ მოტივაციას, რომელიც მხოლოდ სიმაღლის კი არა, სიხარბის გამოა მუდმივად ამა თუ იმ მმართველი პარტიის, ამჟამად კი „ქართული ოცნების“ რიგებში, იმას ვეტყვი, რაც ან არ გაუგიათ, ან რაც ყურმოკვრით, მაგრამ გაუაზრებლად იციან: ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა… მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინათ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც.

ასეა ეს საქმე „ჯიმალეფი“ და ისე, გუბერნატორსა და მის მერებსაც გააგებინეთ ვინმემ, რომ ეს სიტყვებიც ილიას ეკუთვნის.

ამიტომაც საკმარისია ამ მხარის გაოხრება და უიმედობაში ყოფნა.

გოჩა მირცხულავა
გამოქვეყნებულია გაზეთ ქრონიკა+ -ში

banner
წინა სტატიაშირუსეთიდან მომდინარე საფრთხები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორები – ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია განახლდა
შემდეგი სტატიასუს-მა სამტრედიის მერიის მაღალჩინოსანი დააკავა