“სამეგრელოს დიდხანს ემახსოვრება სიმწარე, რომელიც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო ერგო”- მიქაიას ამ განცხადებას კონსტანტინე გამსახურდია პასუხობს

“სამეგრელო დღემდე იშუშებს გასული საუკუნის 90- იან წლებში მისთვის მიყენებულ იარებს!!! მას დიდ ხანს ემახსოვრება ის სიმწარე, რომელიც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო, შევარდნაძის ხელისუფლებისგან ერგო!!!”- ამის შესახებ კახა მიქაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მოგვიანებით მის პოსტს, ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ “ისტორიული იარების საკურნებლად” სახელმწიფომ გონივრული პროგრამა უნდა შექმნას.

“ჩემი მოკრძალებული აზრით სახელმწიფომ უნდა შექმნას გონივრული პროგრამა ისტორიული იარების საკურნებელად, რომელშიც ჩაერთვებიან კვალიფიციური პოლიტოლოგები, იურისტები და ფსიქოლოგები, თანაც ისეთი ადამიანები, ვისაც უბრალო ხალხის გულისნადები ესმის. ყველაფერი უნდა აიგოს ისტორიულ სიმართლეზე, რადგან სამეგრელოში (და პრინციპში სხვაგან ყველგანაც) სიცრუეებს ან ნახევარსიმართლეებს ვერ შეეგუებიან. ასევე მისაფიქრებელია რაღაც კრიტერიუმები იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც აფილირებულები იყვნენ აღნიშნულ ხელისუფლებებთან. ეს თავისთავად არ ჩანს მარტივი საქმე იმ ურთიერთზიზღის ფონზე, რომელიც გარკვეულ მესამე მხარეს აწყობს – ვისი ამოცანაცაა ქვეყანაში მუდმივად შეინარჩუნოს სამოქალაქო დაპირისპირების ყოვლად არაპროდუქტიული სიტუაცია.”– წერს კონსტანტინე გამსახურდია.

რაც შეეხება კახა მიქაიას განცხადებას სრულად:

“სამეგრელო დღემდე იშუშებს გასული საუკუნის 90- იან წლებში მისთვის მიყენებულ იარებს!!! მას დიდ ხანს ემახსოვრება ის სიმწარე, რომელიც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო, შევარდნაძის ხელისუფლებისგან ერგო!!

სააკაშვილისადმი მხარდაჭერაც თუ როგორ შემოუბრუნდა მას, თავად სააკაშვილისგან, ესეც ყველასათვის ცნობილია!!!

ხოლო დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, შევარდნაძისა და, განსაკუთრებით, სააკაშვილის ხელისუფლებების უნიჭო ძაგების ფონზე, სწორედ ამ ხელისუფლებებთან პირდაპირ აფილირებული ადამიანების მხარდაჭერისკენ მოწოდება და მთავარ პოლიტიკურ აქტორებად შეთავაზება, სამეგრელოსთვის არანაკლებ შეურაცხმყოფელია!!!

ყოველივე ამას ემატება, ,,ქართული ოცნების” ლიდერების აბსოლუტურად მიუღებელი და არაადეკვატური რიტორიკა, რაც მათდამი სკეპტიციზმს და უნდობლობას კიდევ უფრო ამძაფრეფს სამეგრელოს მოსახლეობის ცნობიერებაში.”-დაწერა კახა მიქაიამ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – სოფლებში გვეუბნებიან, ვაქცინაცია სავალდებულო თუ იქნება, ავიცრებითო
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში მეცხრე დღეა მამაკაცს ეძებენ