“პეტიცია: სამედიცინო საზოგადოების ერთსულოვანი პროტესტი აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის დაკავების წინააღმდეგ!
ვის მიმართავთ: საქართველოს პროკურატურას / საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას / საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ჩვენ, საქართველოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები — ექიმები, ექთნები, მკვლევრები და ჯანდაცვის სფეროს მუშაკები — უკიდურეს შეშფოთებას, პროტესტსა და სრულ უნდობლობას გამოვხატავთ ჩვენი კოლეგის, გამორჩეული მეცნიერისა და უბადლო პროფესიონალის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის დაკავების გამო.
პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ათწლეულები მიუძღვნა ქართული მედიცინის განვითარებას, გადაარჩინა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და აღზარდა ექიმთა არაერთი თაობა. მისი აკადემიური თუ პრაქტიკული ღვაწლი ქვეყნის წინაშე შეუფასებელია.
მიგვაჩნია, რომ მისი დაკავება და პატიმრობაში დატოვება არის უაღრესად მძიმე, დაუსაბუთებელი და არაპროპორციული ნაბიჯი, რომელიც ლახავს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ექიმის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოების ღირსებას.
ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:
დაუყოვნებლივ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება: მოვითხოვთ, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილს შეეცვალოს პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით, მისი დამსახურებების, ასაკისა და საზოგადოებრივი ავტორიტეტის გათვალისწინებით.
პროცესი წარიმართოს ყოველგვარი პოლიტიკური თუ სუბიექტური გავლენების გარეშე, სამედიცინო ეთიკისა და კანონის სრული დაცვით.
ექიმის ინსტიტუტის დაცვა: მოვითხოვთ, შეწყდეს თეთრხალათიანთა მიზანმიმართული დისკრედიტაცია და მათი პროფესიული საქმიანობის კრიმინალიზების მცდელობა.
კოლეგებო!
მედიცინა დგას სოლიდარობასა და ჰუმანიზმზე. დღეს, როდესაც ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე ღვაწლმოსილ კოლეგას სჭირდება ჩვენი ხმა, ჩვენ არ გვაქვს დუმილის უფლება. თითოეული ექიმის უფლებების შელახვა არის დარტყმა მთელ ჯანდაცვის სისტემაზე.
მოგიწოდებთ ყველას, შემოუერთდეთ ამ პეტიციას. დავიცვათ პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, დავიცვათ ჩვენი პროფესიის ღირსება!” _ ვკითხულობთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ პეტიციაში.















