სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პროკურატურის და შს სამინისტროს თანამშრომლებმა ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ „თაიმერს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ზ.ფ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის მაისში, შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეაჩერეს ზ.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომლითაც იგი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებას ახდენდა. აღნიშნულის შემდგომ ზ.ფ ქ.ბორჯომში შეხვდა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და შემდგომში, სისტემატური საქმიანობისთვის, კერძოდ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის ხელშეწყობისა და ბორჯომის რაიონიდან მისი უსაფრთხო გაცილების მიზნით, ქრთამის სახით შესთავაზა ფულადი თანხა.

ზ.ფ.-ს დაკავება ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მოხდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, 24 წლის გიორგი არაქელოვი გაიტაცეს
შემდეგი სტატია,, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 98 მლნ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს”