“სამართლიანობის აღდგენა არა მგონია, მე და ქალბატონ სალომეს განსხვავებულად გვესმოდეს”

„ვისაუბრეთ რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე. რაღაცნაირად წინასაახალწლო შეხვედრის ფორმატი უფრო იყო, თუმცა მთლიანობაში ძალიან კარგი ფორმატია. კარგი ფაქტია, რომ პრეზიდენტი და პრეზიდენტის სასახლე გახდეს ერთგვარი საზოგადოების მიზიდულობის ცენტრი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ არავითარი შერიგება არ არსებობს, ერთადერთი მოთხოვნა რაც აქვთ, არის ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება. ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ მისთვის საერთოდ გაუგებარია ტერმინი შერიგება რას ნიშნავს. ქალბატონმა სალომემ ზოგადად ყველაზე კარგად ჩამოაყალიბა ეს იდეა რამდენიმე დღის წინ, როდესაც თქვა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საზოგადოებაში დიალოგი ფართო კონსენსუსის მიღწევის თემაზე. კონსენსუსის საფუძველი რა უნდა იყოს – ეს არის ზოგადად სიმართლის თქმა და შემდეგი ეტაპი იქნება სამართლიანობის მიღწევა. სამართლიანობის მიღწევა ნამდვილად არ ნიშნავს, რომ თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ის დაუსჯელი უნდა დარჩეს. შეიძლება, ვინმეს რამე ეპატიოს, მაგრამ სულ მცირე აღიარება, რომ დანაშაული იქნა ჩადენილი, უნდა უძღვოდეს წინ. ასეთია ჩემი ინტერპრეტაცია. სამართლიანობის აღდგენა არა მგონია, მე და ქალბატონ სალომეს განსხვავებულად გვესმოდეს“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

წინა სტატიაშიუზენაეს სასამართლოში უვადოდ განსაწესებლად მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატი წარადგინეს
შემდეგი სტატიარას შეიძლება ველოდოთ ინალ არძინბასგან?